მსოფლიო დღეს

4 წლის მწერალი ბიჭუნა გინესის რეკორდსმენი გახდა

Sputnik
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ოთხი წლის არაბი ბიჭუნა საიდ რაშედ ალმჰეირი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), როგორც მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ავტორი, გინესის რეკორდსმენი გახდა, იუწყება Guinness World Records.
გავრცელებული ინფორმაციით, საიდმა თავისი წიგნი „სპილო საიდი და დათვი“ მაშინ გამოსცა, როდესაც 4 წლისა და 218 დღის იყო.
რეკორდი მას შემდეგ დადასტურდა, რაც წიგნის 1000 ეგზემპლარი გაიყიდა.
როგორც ბიჭუნა ამბობს, წიგნის წერისას მისი შთაგონების წყარო უფროსი და ალდჰაბი იყო, რომელიც ასევე არის გინესის რეკორდსმენი — როგორც ორენოვანი წიგნის ყველაზე ახალგაზრდა ქალი-ავტორი.

„მე ძალიან მიყვარს ჩემი და და მომწონს მასთან თამაში. ჩვენ ერთად ვკითხულობთ, ვხატავთ და ბევრ რამეს ვაკეთებთ. წიგნი იმიტომ დავწერე, რომ ვგრძნობდი, მეც შეიძლებოდა მქონოდა საკუთარი წიგნი“, — ამბობს საიდი.

ცნობილი ხდება, რომ ბიჭუნამ წერა-კითხვა დედისა და დის დახმარებით ისწავლა, მერე კი ძალიან მალე საინტერესო და ორიგინალური ისტორიების შეთხზვა დაიწყო. მას ასევე ძალიან მოსწონდა თავისი ისტორიების გმირების ხატვა, თუმცა ამბობს, რომ ეს არც ისე მარტივი იყო და მისი პერსონაჟი „თეთრი დათვი თავიდან საშინლად გამოიყურებოდა“.
როგორც მან გინესის წარმომადგენლებს განუცხადა, თავისი მიღწევით „ბედნიერია და ამაყობს, რომ რაღაც კარგი გააკეთა“. ამასთან საიდი გამოტყდა, რომ უკვე მუშაობს მეორე წიგნზე.
ოთხი წლის ბიჭუნას თქმით, ისტორიების კითხვა, წერა და თხრობა ძალიან სასარგებლოა, ვინაიდან „ადამიანს გონებას უვითარებს“.
წყარო: Guinness World Records