თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებული 28 წლის ანზორ ლომიძე ბრალდებას არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ლომიძეს დღეს ბრალი წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში“, ბრალდებულმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
ბრალდებულის ადვოკატის, პაატა გოგოლაძის განცხადებით, ლომიძე ამბობს, რომ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცეცხლი მას არ გაუჩენია. ეს სწორედ ის მამაკაცია, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ თითქმის შიშველი მამაკაცი ცეცხლმოკიდებული სასტუმროს ფონზე, ვერანდაზე დგას.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ლომიძე თვითგადარჩენის ინსტიქტებით მოძრაობდა და ტანსაცმლის მოძიებაზე ასეთ დროს ვერ იფიქრებდ. ადვოკატმა დაკავებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა.
პროკურატურის განცხადებით, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.
ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ბრალდებულის განცხადებით სიმართლეს არ შეესაბამება ვერსია, თითქოს მან კაზინოში თანხა წააგო და ობიექტი გაბრაზებულმა გადაწვა.
შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარი 31 მარტის საღამოს გაჩნდა. სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, მამაკაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა.
ძლიერი ქარის გამო ხანძრის გავრცელების საშიშროება იყო მეზობელ შენობებზე, მათ შორის თბილისის ცნობილ ღირსშესანიშნაობაზე – რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრზე.
ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო ჩართული. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.