თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. 1 აპრილიდან რუსეთის ფედერაცია ერთი თვით გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ამ პერიოდში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემები იქნება „ეფექტური მულტილატერალიზმი“, იარაღის ექსპორტის დროს არსებული რისკები და ახლო აღმოსავლეთის დარეგულირება, წერს „რია ნოვოსტი“.
საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უშიშროების საბჭოს რამდენიმე შეხვედრას უხელმძღვანელებს. როგორც ადრე გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, აპრილში უშიშროების საბჭოს ოფიციალური სხდომები უკრაინის თემაზე ჯერ არ დაგეგმილა. მაგრამ სავარაუდოა, რომ ისინი მაინც ჩატარდება.
6 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს არაფორმალური სხდომა, სავარაუდოდ, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონიდან ბავშვების ევაკუაციის თემას მიეძღვნება. 10 აპრილს არის დაგეგმილი უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც მიეძღვნება სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის რეგულირების შესახებ შეთანხმებების დარღვევით გამოწვეულ რისკებს.
როგორც იგეგმება, თვის ბოლოს ლავროვი ნიუ-იორკში ჩავა. თუმცა, არსებული დაძაბული საერთაშორისო სიტუაციისა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში არსებული კრიზისის ფონზე, ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება სიტუაცია მინისტრისა და მისი დელეგაციისთვის აშშ-ს ვიზების გაცემის კუთხით.
როგორც იგეგმება, ლავროვი 25 აპრილს უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს სხდომას ახლო აღმოსავლეთის დარეგულირების თემაზე. მინისტრი ასევე უხელმძღვანელებს მაღალი დონის სხდომას თემაზე „ეფექტური მულტილატერალიზმი გაეროს წესდების პრინციპების დაცვის გზით“, რომელიც 24 აპრილს გაიმართება.
უშიშროების საბჭო არის გაეროს მუდმივმოქმედი სტრუქტურა, რომელსაც ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე.
დღეს უშიშროების საბჭოში სხდომებს ყოველთვის 15 ქვეყანა ესწრება: 5 მუდმივი წევრი და 10 დროებითი. მუდმივი ქვეყნები - რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და საფრანგეთი. მათ აქვთ ვეტოს უფლება. დანარჩენი ათი აირჩევა ორი წლით. 2022 და 2023 წლებში ეს ქვეყნებია ბრაზილია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ალბანეთი, განა და გაბონი. 2023 და 2024 წლებში - იაპონია, ეკვადორი, შვეიცარია, მოზამბიკი და მალტა.
უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობა ყოველ თვე ერთი ქვეყნიდან მეორესთან გადადის.