სამხრეთ კავკასია, როგორც მშვიდობის პლატფორმა - პოლიტიკოსი ახალი ინიციატივის შესახებ

ექსპერტის აზრით, გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველო უნდა გამოვიდეს კავკასიის მშვიდობიანი სივრცის ინიციატივით.
Sputnik
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შეუძლიათ შექმნან ახალი სამშვიდობო პლატფორმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო მოთამაშეებს - რუსეთს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებისთვის, განაცხადა Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში პარტია „ქართული იდეის“ თავმჯდომარემ ლევან ჩაჩუამ.
ჩაჩუას თქმით, საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამხრეთ კავკასია მშვიდობიან ზონად, ერთგვარი ბალანსის სივრცედ უნდა აქციონ და არა კონფრონტაციისა და დაპირისპირების სივრცედ.
„კავკასიას ექნებოდა ისეთი ფუნქცია, სადაც ამ სამ დიდ ჰეგემონს შორის იქნებოდა ბალანსი და სადაც იქნებოდა მათი საერთო ინტერესების გადაკვეთის წერტილები - როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური. მე ვფიქრობ, რომ ქართული პოლიტიკა უნდა განხორციელდეს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ჩაჩუამ.
მისი თქმით, საქართველომ უნდა მოუწოდოს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს საერთო სამშვიდობო ინიციატივით გამოსვლისკენ.
„ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი ძმები უნდა დავარწმუნოთ, რომ სხვადასხვა ვექტორების არჩევით, ვთქვათ, ერთი თურქეთის ვექტორს ირჩევს, სხვა კი რუსეთისა და ნატოს ვექტორს, ჩვენ ვერ დავამყარებთ მშვიდობას კავკასიაში“, - განაცხადა ჩაჩუამ.
პოლიტიკოსის თქმით, გეოპოლიტიკურ კონტექსტში ამინდის შემქმნელი თავის თავად საქართველო ვერ იქნება. მაგრამ, გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანა უნდა გამოვიდეს სრულიად კავკასიური მშვიდობიანი სივრცის ინიციატივით.
„დღეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რუსეთს მის სამხრეთ საზღვრებთან კავკასიის სახით ცხელი წერტილი შეექმნას. მათ არ შეუძლიათ პირდაპირ რუსეთზე თავდასხმის განხორციელება, ამას ჩვენ ყველა ვხედავთ, მაგრამ ირგვლივ ცხელ წერტილებს ქმნიან“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
ჩიჩუას მიაჩნია, რომ ის, რასაც დღეს საქართველო წარმოადგენს კავკასიაში, სამხრეთ კავკასია შეიძლება გახდეს მსოფლიოსთვის. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო პოლიტიკას სასიცოცხლოდ სჭირდება ისეთი მშვიდობიანი სივრცე, რომელიც დღეს არ არსებობს.