თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველომ მხარი დაუჭირა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე, „ნულოვანი ნარჩენის“ (Zero Waste ) ინიციატივას და აღნიშნული მოძრაობის წევრი გახდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური.
შეხვედრა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის რეზოლუციის საფუძველზე „ნულოვანი ნარჩენის“ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. 2022 წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოფიციალურად აღიარა ნარჩენებთან ბრძოლის მნიშვნელობა და 30 მარტი დაწესდა „საერთაშორისო დღედ ნარჩენების გარეშე“, რომელიც 2023 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
ინიციატივას მხარი დაუჭირა 105-მა ქვეყანამ. Zero Waste-ს მიდგომის დანერგვა საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ნულოვანი ნარჩენის“ ინიციატივის მხარდაჭერით, ჩვენი ქვეყანა უერთდება საერთაშორისო საზოგადოების განცხადებას და მოწოდებას უფრო აქტიურად და ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდეთ პლანეტის სამმაგ კრიზისს- ბიომრავალფეროვნების კარგვას, კლიმატის ცვლილებას და დაბინძურებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.
მისი თქმით, მიდგომა „ნარჩენის გარეშე“ ბიზნეს-სექტორს შეუქმნის ახალ შესაძლებლობას უნარჩენო და ცირკულარული წარმოების დანერგვის მხარდასაჭერად.
Zero Waste - არის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანია ნარჩენების რაოდენობის მაქსიმალურად შემცირება. ეს მიდგომა ხელს უწყობს არა მხოლოდ ნაგავსაყრელების ფართობების ზრდის შეკავებას, რესურსების მოხმარების შემცირებას, არამედ ადამიანების საცხოვრებელ სივრცეში ნაგვის და არასაჭირო ნივთების რაოდენობის შემცირებას.
Zero Waste დაფუძნებულია ხუთ პრინციპზე - თქვი უარი, შეამცირე, ხელახალი გამოიყენე, გადაამუშავე, მოახდინე კომპოსტირება.