რა ასაკში აჩენენ ბავშვებს საქართველოში - „საქსტატის“ ახალი მონაცემები

ქვეყანაში ბავშვის გაჩენის ძირითადი ასაკი 25-დან 34 წლამდე რჩება.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. 2022 წელს საქართველოში 40 წელს გადაცილებული დედების მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
უწყების ცნობით, 2022 წელს 40 წელზე უფროსი ასაკის ქალებს 1676 ბავშვი შეეძინათ, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 1667 იყო.
ორსული ქალი
ამასთან, გასულ წელთან შედარებით, 45 წელს გადაცილებული დედების მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა გაიზარდა. საერთო ჯამში, 2022 წელს საქართველოში ამ ასაკის ქალებმა 259 შვილი გააჩინეს, 2021 წელს კი ამ ასაკში შვილის გაჩენა 190-მა ქალმა გადაწყვიტა.
საქართველოში ბავშვის გაჩენის ძირითადი ასაკი 25-დან 34 წლამდე რჩება. ამასთან, საქართველოში პირველი ბავშვის გაჩენის საშუალო ასაკი 26,4 წელია.
იმავდროულად, 2022 წელს შვიდი შვილი შეეძინათ 15 წლამდე ასაკის დედებს და 2137 შვილი 15-დან 19 წლამდე ასაკის დედებს.