ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის ოთხი პირი დააკავეს

დაკავებულებს ბრალად დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ოთხივე დაკავებული წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის დაკავებული არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ხ. (მეტსახელად „ხავთასა“), 1983 წელს დაბადებული ზ.გ. (მეტსახელად „ლეკვი“) და 1976 წელს დაბადებული ლ.ა. (მეტსახელად „მოლა“).
1978 წელს დაბადებული მ.ჩ. (მეტსახელად „ხონსკი“) კი „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით არის დაკავებული.
რაც შეეხება 1977 წელს დაბადებულ ჯ.კ.-ს, ვინაიდან იგი საზღვარგარეთ იმყოფება, მას „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ხ.-ს, ზ.გ.-ს და ლ.ა.-ს, ფინანსური დავის ნიადაგზე, დაპირისპირება მოუხდათ მ.ჩ.-სთან, რის გამოც დავის მოგვარება ე.წ. ქურდული გარჩევის გზით სცადეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავის მხრივ, მ.ჩ.-მ მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ჯ.კ. (მეტსახელად „ჯეირანა“), რომელმაც მოდავე მხარეებს ე.წ. ქურდული გარჩევის მოწყობა მოსთხოვა.
თბილისში, ლ.ა.-ს საცხოვრებელ ბინაში მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევა, რომელშიც მოდავე მხარეები მონაწილეობდნენ, ხოლო „ჯეორანა“ შეხვედრაში დისტანციურად ჩაერთო.
პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.
„კანონიერი ქურდობის", „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს