WSJ აშშ-დან რუსეთის ელჩისა და ყველა რუსი ჟურნალისტის გაძევებას მოითხოვს

Sputnik
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ამერიკული The Wall Street Journal-ის რედაქციამ, რომლის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩიც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს რუსეთში, ბაიდენის ადმინისტრაციას მოსკოვის მიმართ მკაცრი საპასუხო ზომებისკენ მოუწოდა.
WSJ გერშკოვიჩს რუსეთის ხელისუფლების „მძევლად“ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მის გასათავისუფლებლად ხისტი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა განიხილოს დიპლომატიური და პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობა. შეერთებული შტატებიდან რუსეთის ელჩის, აქ მომუშავე ყველა რუსი ჟურნალისტის გაძევება ის მინიმუმია, რომლის იმედიც შეიძლება გვქონდეს“, — ნათქვამია სარედაქციო სტატიაში.

WSJ ხაზს უსვამს, რომ ვლადიმირ პუტინი, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ შეუძლია „დაუსჯელად გაიტაცოს ამერიკელები“. სტატიაში ნახსენებია კალათბურთელ ბრიტნი გრინერის მაგალითი, რომელიც საბოლოოდ შეერთებულ შტატებში მსჯავრდებულ ვიქტორ ბუტზე გაიცვალა, ხოლო რუსეთში მსჯავრდებული ამერიკელი პოლ უელანის გათავისუფლება ჯერაც ვერ მოხერხდა.
გარდა ამისა, სარედაქციო წერილში საუბარია ამერიკულ დრონთან დაკავშირებულ ინციდენტზე, რომელიც, ამერიკული ვერსიით, ცოტა ხნის წინ ჩამოაგდო რუსულმა გამანადგურებელმა შავი ზღვის თავზე.

„განგსტერი ლიდერები კვლავაც გააგრძელებენ განგსტერულ მოქმედებას, თუ იფიქრებენ, რომ ამის გამო პასუხს არ მოსთხოვენ“, — აღნიშნავს გაზეთი.

WSJ უსაფუძვლოდ მიიჩნევს თავისი თანამშრომლის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, რომ ის აშშ-ის სასარგებლოდ ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას. თუმცა კრემლში აცხადებენ, რომ გერშკოვიჩი „ფაქტზე დაიჭირეს“, და რომ მის საქმიანობას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან.
გავრცელებული ინფორმაციით, ევან გერშკოვიჩი 29 მარტს დააკავა რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, 30 მარტს კი მოსკოვში გადაიყვანეს საგამოძიებო იზოლატორში. რუსული მხარე ირწმუნება, რომ გერშკოვიჩი აშშ-ის დავალებით აგროვებდა საიდუმლო მასალებს ერთ-ერთ სამხედრო ობიექტზე, სხვა დეტალები კი არ დაუკონკრეტებია.
თეთრმა სახლმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრად დაგმეს ამერიკელი ჟურნალისტის დაკავება და განაცხადეს, რომ „რუსეთის ხელისუფლების მიერ ამერიკის მოქალაქეების დევნა კატეგორიულად მიუღებელია“.