ლარი მყარდება - ექსპერტის პროგნოზი

ლარის კურსთან დაკავშირებული ყველა მაკროეკონომიკური ფაქტორი დადებითია, განაცხადა ექსპერტმა.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ყველა პროგნოზით, საქართველოს ეროვნული ვალუტა, დიდი ალბათობით, წლის პირველ ნახევარში გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს, განაცხადა ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ პრეს-კლუბ „მედიაცენტრ კვირაში".
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 31 მარტისთვის 2,5604GEL/$1 დონეზე დაადგინა. ბოლოს დოლარი 2,6 GEL/$1 დონის ქვემოთ 2018 წლის 11 სექტემბერს იყო. 2023 წლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტის კურსი 4,1%-ით გამყარდა.

„უნდა ვივარაუდოთ, რომ ლარის კურსი 2,5-ის ნიშნულისკენ იქნება დაძრული", – განაცხადა ცუცქირიძემ.

ექსპერტმა ჩამოთვალა ის ფაქტორები, რომლებიც ლარის შემდგომი სტაბილიზაციის მოლოდინს იძლევა.
მისი თქმით, ყველა მაკროეკონომიკური ფაქტორი, რომელიც ლარის კურსთანაა დაკავშირებული, პოზიტიურია. ესაა საგადამხდელო ბალანსი, ექსპორტი, რომელიც ძალიან გაზრდილია, ეკონომიკური ზრდა, რომელიც საკმაოდ მაღალია – მშპ-ის ზრდა იანვარში 8,4% იყო, თებერვალშიც მაღალი ზრდაა მოსალოდნელი.
ლარის კურსმა გამყარება მარტშიც გააგრძელა. უკვე ერთ თვეზე მეტია, კურსი 2.60-ის ნიშნულს ჩამოსცდა. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მომავალში ლარის კურსზე პოზიტიურად აისახება, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იქნება.
საქართველოში 2022 წლის ეკონომიკური ზრდის მონაცემები დააზუსტეს>>
ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ფულადი გზავნილები და ინვესტიციები, რომლებიც ასევე გაზრდილია, აღნიშნა ცუცქირიძემ.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს რეკორდულ დონეს, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
სტატისტიკის თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წელს, წინასწარი შეფასებით, 61,1%-ით გაიზარდა 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით. ინვესტიციების ზრდის ძირითადი მიზეზია კომპანიების სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციების ზრდა.

„ინვესტიციები არა მხოლოდ კაპიტალში იყო, არამედ რეინვესტირება იყო ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორებს პოზიტიური მოლოდინი და განწყობები აქვთ, როდესაც ფულს ქართულ ეკონომიკაში ტოვებენ", – განმარტა ცუცქირიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 132%-ით გაიზარდა და დაახლოებით 817,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილების რეკორდული ზრდა: ეროვნული ბანკის მონაცემები>>
ფულადი გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 455 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 55,7%-ია.