ევრაზიული კავშირის ქვეყნებს იმპორტული პოდუქციის საკუთარით ჩანაცვლება შეუძლიათ

Sputnik
ვადიმ პავლოვი
ექსპერტებმა შეადგინეს დასავლური (და არა მხოლოდ) პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება ჩანაცვლდეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წარმოებული საქონლით
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის აკადემიამ კვლევის ფარგლებში განსაზღვრა პროდუქციის ჩამონათვალი, რომლითაც შეიძლება ჩანაცვლდეს დასავლური იმპორტი EAEU-ში. დასავლეთიდან იმპორტირებული კონკრეტულად რომელი საქონლის ჩანაცვლებაა შესაძლებელი საკუთარი წარმოებით - Sputnik-ის მასალაში გაეცნობით.

ევრაზიის უპირატესობა

EAEU-ის ერთ-ერთი საკვანძო ამოცანაა კავშირის სამრეწველო პოტენციალის გაზრდა. გეგმის ნაწილია იმპორტის ჩანაცვლება.
მაგალითად, სომხეთსა და ყირგიზეთში ხელს უწყობენ ტექსტილის, ტანსაცმლისა და სამრეწველო საქონლის წარმოებას, ასევე ახალი სამრეწველო ობიექტების გახსნას. ბელარუსში, ყაზახეთსა და რუსეთში შედგენილია ვრცელი სიები იმ დარგებისა და პროდუქციისა, რომლებითაც იმპორტის ჩანაცვლება იგეგმება.
ექსპერტებმა გამოიკვლიეს 462 სასაქონლო პოზიცია, რომელთა წილი 2021 წლის ბოლოს ევრაზიის ბაზარზე 50%-ს აღემატებოდა და იმპორტირებული საქონლის საერთო ღირებულება არანაკლებ 100 მლნ დოლარს შეადგენდა.
2021 წელს EAEU-ში 189 მილიარდი დოლარის ღირებულების აღნიშნული პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. მათი დიდი ნაწილი განეკუთვნება მანქანათმშენებლობის, ელექტრომოწყობილობის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფარმაცევტულ სფეროებს.
462 საქონლიდან 59 პოზიციაზე კავშირის ქვეყნები ფლობენ შედარებით უპირატესობას. ანუ ისინი უკვე აწარმოებენ აღნიშნულ პროდუქციას, რომელიც მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანია.
ზემოხსენებულ სასაქონლო პოზიციებზე, ძირითადად, არის მსუბუქი ავტომობილები და მათი სათადარიგო ნაწილები, ტურბორეაქტიული ძრავები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელექტროსადენები, ტექსტილი და სხვ.
EAEU-ს ქვეყნები შედარებით უპირატესობას ფლობენ 28 საქონლის წარმოებაში, რომელთა იმპორტი არამეგობარი ქვეყნებიდან 2021 წელს 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

რისი წარმოება შეუძლიათ რუსეთსა და EAEU-ის სხვა ქვეყნებს

ზემოხსენებული სასაქონლო პოზიციების თითქმის ნახევარი ბელარუსზე მოდის. ბელარუსს შეუძლია ჩაანაცვლოს იმპორტირებული ტრაქტორებისა და 10 ან მეტდაგილიანი ავტომობილების სათადარიგო ნაწილები, მსუბუქი ავტომობილები, ელექტროღუმელები და სხვ.
რუსეთში შესაძლებელია იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალის მქონე საქონლის მესამედის წარმოება. მათ შორისაა მილების ნაწილები, საქვაბეების კორპუსები, რეზერვუარები და ა.შ. 2021 წელს კავშირში 2,16 მილიარდი დოლარის ღირებულების აღნიშნული პროდუქციის იმპორტი განხორციელდა.
სომხეთში დამზადებული პროდუქციიდან ერთ-ერთი უმსხვილესი სასაქონლო პოზიცია კავშირის მასშტაბით უკავია ტრიკოტაჟის წარმოებას.
2021 წელს კავშირში $561,4 მილიონის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. ევრაზიის ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის წილი 95%-ით შეფასდა.
ანალოგიური ვითარებაა ყირგიზეთში. ექსპერტები გამოყოფენ რამდენიმე სასაქონლო პოზიციას, ქსოვილებისა და ტანსაცმლის წარმოებას, რომელთა დაკავებაც ქვეყანას შეუძლია.
ყაზახეთს, თავის მხრივ, შეუძლია ალუმინის ოქსიდის იმპორტის ჩანაცვლება. 2021 წელს კავშირში 1,65 მილიარდი დოლარის ღირებულების ამ საქონლის იმპორტი განხორციელდა. იმპორტის წილი - 90%-ია.

ინვესტიციების საჭიროება

ფინანსურის უნივერსიტეტის ექსპერტის ალექსანდრ ილინსკის აზრით, იმპორტის ჩასანაცვლებლად უცილებელია სერიოზული ინვესტიციები. მისი თქმით, შესაძლო მსოფლიო რეცესიის პირობებში კერძო ბიზნესს ამ ამოცანის გადაჭრა არ შეუძლია, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობა. აუცილებელი ინვესტიციების მოცულობის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. „ვფიქრობ, საუბარია EAEU-ს მშპ-ს 2-5%-ზე“.- ამბობს ილინსკი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოს EAEU-ს მშპ-მ 173 ტრილიონი რუსული რუბლი შეადგინა.
როგორც Sputnik-ს ანალიტიკოსმა ნიკიტა პიჟიკოვმა განუცხადა, NCA ინდექსის შეფასება - ამ მიმართულებით მუშაობის პირველი ეტაპია.
მისი თქმით, აკადემია ატარებს დამატებით კვლევას, რომლის შედეგადაც გასაგები გახდება ამა თუ იმ დარგში ინვესტიციების აუცილებელი მოცულობა კავშირის ამა თუ იმ ქვეყანაში. კვლევა წლის ბოლოს დასრულდება.

კავშირის მხარდაჭერა

ექსპერტ ნიკოლაი კუშნარევის აზრით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალით წამყვან პოზიციებს იკავებენ მანქანებისა და მოწყობილობების, კომპიუტერების, ქიმიური პროდუქციის, ელექტრო და ოპტიკური პროდუქციის, ასევე მანქანათმშენებლობის სფეროები. ისინი იმპორტის ჩანაცვლების საერთო პოტენციალის 60%-ს შეადგენენ.
რაც შეეხება კავშირის წევრი ქვეყნების კოოპერაციის მხარდაჭერას, ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ შეიმუშავა შეღავათიანი დაფინანსების ინიციატივა, ამბობს იგი.
„გასული წლის ოქტომბერში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების მთავრობების მეთაურები შეთანხმდნენ კოოპერაციული პროექტების თანადაფინანსების ახალი მექანიზმის შექმნაზე. სახსრებს გამოყოფენ ბანკები და ბიზნესი, ხოლო საკავშირო ბიუჯეტის ხარჯზე კომისია დაფარავს საკრედიტო განაკვეთს საკვანძო განაკვეთის ფარგლებში ან რეფინანსირების საბაზისო განაკვეთს. ამგვარად მოგვარდება კავშირში მრავალმხრივ პროექტებში ინვესტიციების ზრდის სტიმულირების ამოცანა“, - აღნიშნა ნიკოლაი კუშნარევმა.
„კომისია დაეხმარება ასევე მხარეების ბიზნესინიციატივებს როგორც პარტნიორების მოძებნაში, ისე შეღავათიანი დაფინანსების შესახებ განაცხადების დასაბუთებასა და მომზადებაში. ამისათვის შექმნილია დარგობრივი საექსპერტო სამუშაო ჯგუფები“, - აღნიშნა კომისიის სამრეწველო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა.
სახელმწიფოთაშორის დონეზე მხარდაჭერის ზომები და მექანიზმები შეიძლება შეთანხმდეს 2022 წელს შექმნილი კოოპერაციისა და იმპორტის ჩანაცვლების კომისიის ფარგლებში, აღნიშნა ნიკოლაი კუშნარევმა.
გარდა ამისა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია კავშირის ქვეყნების საწარმოთა დარგობრივი ჩამონათვალი, რომლებიც მზად არიან კოოპერაციული თანამშრომლობისთვის.
მათ შორისაა მანქანათმშენებლობა, გემთმშენებლობა, კაბელებისა და სადენების წარმოება, მიკროელექტრონიკის, ცემენტის წარმოება და სამოქალაქო ავიამშენებლობა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხ არ აგებს მათზე