არავის არ უნდა შერჩეს პოლიციელებზე თავდასხმა - ირაკლი კობახიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 წლის მამაკაცი პოლიციელებზე თავდასხმისა და საპატრულო მანქანისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით დააკავა.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებზე თავდასხმა არავის არ უნდა შერჩეს, კონკრეტული პირები უნდა დაისაჯონ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქმე ეხება 7-9 მარტის საპროტესტო აქციებს. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც ბევრჯერ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მიტინგებში, რომლებიც 7-დან 9 მარტის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა, უფრო მეტად სტუდენტები მონაწილეობდნენ. მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

„რა თქმა უნდა, არავის უნდა შერჩეს ის უმძიმესი თავდასხმები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს იყო „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, ქვების დაშენა“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ეს იყო ყველაზე მძიმე კონკრეტული დანაშაულები, რისთვისაც კონკრეტულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ, ხაზგასმით აღნიშნა მან.

„ეს არის სამართალდამცველი უწყებების საქმე და იმედია, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

შსს-მ პოლიციელებზე თავდასხმისა და საპატრულო მანქანისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე 21 წლის მამაკაცი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის მამამისზე ძალადობისთვის ადრე ნასამართლევი ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც ელენე ხოშტარიას ოპოზიციური პარტია „დროას" წევრია. მას ბრალი უკვე წაუყენეს.
კობახიძის თქმით, ის ფაქტი, რომ ეს ახალგაზრდა კაცი არის დაკავშირებული ხოშტარია–ჯაფარიძე–ვაშაძის სამეულთან, მიუთითებს იმაზე, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი.
„ეს ბოლშევიკური „ტროიკა“ არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით – რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაციაარეული ადამიანების ქმედებები სათანადოდ უნდა იყოს შეფასებული როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 21 წლის მამაკაცმა მიმდინარე წლის 7–9 მარტის პერიოდში თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებული წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული და ამჟამად განსასჯელია.
გარდა ამისა, გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდამ ასევე ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.
აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა („პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა“) და 187-ე („ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება“) მუხლებით მიმდინარეობს. ბრალდებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.