31 მარტის რეფერენდუმმა საფუძველი ჩაუყარა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას - ღარიბაშვილი

ამ დღეს საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა და მოსახლეობამ საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
Sputnik
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. 31 მარტის რეფერენდუმი ჩვენს ისტორიაში დარჩება მოვლენად, რომელმაც მყარი საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
1991 წელს, ამ დღეს საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა და მოსახლეობამ საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა ხმა.

„ზუსტად 32 წლის წინ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას", – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

სწორედ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები დაედო საფუძვლად უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას.
„ეს დღე სამაგალითო გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო ერთსულოვნების თვალსაზრისითაც. ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამართულ რეფერენდუმზე ჩვენმა ხალხმა, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ჩათვლით, მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას", – ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერის თქმით, 31 მარტი ღირსშესანიშნავი დღეა კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ ამ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეა.
1991 წლის რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ამომრჩეველთა 90,79%-მა, მათ შორის, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. დამოუკიდებლობას 99,08%-მა მისცა ხმა.
რეფერენდუმის შედეგები 5 აპრილს გამოაცხადეს. ამის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს არა 9 აპრილს, არამედ 26 მაისს აღნიშნავს — საქართველოში 1918 წელს მიღებული პირველი დამოუკიდებლობის აქტის დღეს.