ფარცხისის ციხე თბილისიდან 43 კილომეტრში მდებარეობს
მასთან მისასვლელად წალკის მიმართულებით უნდა გაემგზავროთ
გზად სოფლის გავლა მოგიწევთ
ციხე-სიმაგრე სოფელ ფარცხისის მაღლობზე მდებარეობს, რომელიც ტრასიდანაც მოჩანს
სოფლიდან ციხემდე მოკლე მანძილია
სამწუხაროდ, ციხე-სიმაგრისგან ბევრი აღარაფერი შემორჩა
მაღლობიდან შესანიშნავი პეიზაჟი იშლება. კარგად ჩანს ალგეთის ველი და ბირთვისის კლდეები
ციხე სოფელთან საკმაოდ ახლოსაა და სოფლის ძაღლები აქაურობას ხშირად სტუმრობენ. ისინი ძალიან მეგობრულები არიან და სტუმრებს ყოველთვის აცილებენ. ზოგიერთი მათგანი ციხის კედლებზე აძრომასაც ახერხებს
ციხე-სიმაგრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია
ისტორიულ წყაროებში ფარცხისის ციხეს პირველად ბაგრატ მეოთხის ზეობის პერიოდში მოიხსენიებენ
ბაგრატის მმართველობა 1027 წელს დაიწყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ციხე-სიმაგრე ბევრად ადრე აშენდა
ფარცხისის დათვალიერებას დიდი დრო არ სჭირდება. მისი მონახულების შემდეგ შეგიძლიათ ალგეთის წყალსაცავისკენ გაეშუროთ
ეს ხელოვნური წყალსაცავი მდინარე ალგეთის დაგუბებით არის მიღებული
მის ერთ ნაპირზე ქვები და კლდეებია, მეორეზე კი ქვიშის სანაპირო
წყალსაცავის წყალი ძირითადად მარნეულის მუნიციპალიტეტს მიეწოდება, რომელსაც სოფლის მეურნეობისთვის იყენებენ
თბილ სეზონზე აქ ხშირად ჩამოდიან დამსვენებლები, ბევრი მათგანი თევზაობს კიდეც. ქვიანი ფსკერის გამო აქ ცურვა ძალიან არაკომფორტულია
თუმცა შეგიძლიათ ნაპირზე დასვენება, გარუჯვა, პიკნიკის გამართვა და თევზაობა. თუმცა ადგილი კარგად უნდა შეარჩიოთ, თორემ, შესაძლოა, მყუდროება ძროხებმა დაგირღვიონ
წყალსაცავთან აგებულია ალგეთის ბაზილიკა
ის ალგეთის წყალსაცავის მშენებლების ხსოვნას მიეძღვნა
ბაზილიკა ქვიან მაღლობზე მდებარეობს. მასთან სპეციალური ბილიკი მიდის
აქ სანახავი ბევრი არაფერია, თუმცა ბუნების ხედი, რომელიც მაღლობიდან იშლება, ყველამ აუცილებლად უნდა ნახოს