თბილისი, 30 მარტი — Sputnik. უფალი არ აპატიებს ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის ოჯახს კიევო-პეჩორის ლავრიდან მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (UOC-MP) წარმომადგენლების განდევნას, ნათქვამია მიტროპოლიტ პაველის ვიდეომიმართვაში, რომელსაც Strana.ua აქვეყნებს საკუთარ Telegram-არხზე.
„ბატონო პრეზიდენტო! გეუბნებით თქვენ და თქვენს ხროვას, რომ ჩვენი ცრემლი მიწას არ დაეცემა, ის თავზე დაგედინებათ. <...> უფალი არ გაპატიებთ ასეთ ქცევას არც თქვენ და არც თქვენს ოჯახს! იმიტომ რომ დღეს ეკლესიის საძმოდან 220 ადამიანი ქუჩაში გაყარეთ, იმიტომ რომ კიევის მიტროპოლიტ ონუფრისა და სინოდის მიღება ვერ მოახერხეთ. თქვენ არ შეაჩერეთ ცოფით, ბოროტებითა და სიძულვილით შეპყრობილი კულტურის მინისტრი, ე.ი. ის ყველაფერს თქვენი ნებართვით აკეთებს. ვაი თქვენ. გეშინოდეთ“, — ამბობს მიტროპოლიტი მიმართვაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევო-პეჩორის ლავრის წმინდა მიძინების ტაძრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად UOC-MP-დან კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში (UOC) გადასული არქიმანდრიტი აბრაამი (ლოტიში) დაინიშნა. მან მოუწოდა UOC-MP-ს სასულიერო პირებს, შეუერთდნენ კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო სქიზმატურად მიიჩნევს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არქიმანდრიტის გადასვლა UOC-ში და მისი დანიშვნა უკრაინის სულიერი დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს „მოსკოვის ძველი და ცინიკური მანიპულაციებისგან უკრაინული საზოგადოების დაცვას“ ემსახურება.
მარტის დასაწყისში კიევო-პეჩორის ლავრის ნაკრძალის დირექტორატმა UOC MP-თან უვადო იჯარა შეწყვიტა და მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ბერებს მონასტრის 29 მარტამდე დატოვება უბრძანა. UOC MP-ის სინოდის წევრები მიტროპოლიტ ონუფრის ხელმძღვანელობით 20 მარტს უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან მივიდნენ თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად, მაგრამ ზელენსკიმ უარი თქვა მათ მიღებაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, UOC-MP-ს მღვდელმსახურებმა და მრევლმა ლავრაში გაათიეს ღამე, ვინაიდან შიშობენ, რომ „ტაძარს მიიტაცებენ“.