სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს: ახალი მონაცემები

„საქსტატის" ცნობით, საქართველოში ზედიზედ მეორე წელია მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება ფიქსირდება.
Sputnik
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. 2022 წელს საქართველოში დაფიქსირდა მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება – სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 2022 წელს საქართველოში დაახლოებით 42,3 ათასი ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 49,1 ათას ადამიანს გადააჭარბა.
მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებისა.
ყველაზე დიდი სხვაობა სიკვდილიანობასა და შობადობას შორის იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის უარყოფითმა ბუნებრივმა მატებამ 3 ათასი შეადგინა. მას მოსდევს სამეგრელო–ზემო სვანეთი 2 ათასით შემცირებული მოსახლეობით და კახეთის რეგიონი – ათასით შემცირებული მოსახლეობით.
აჭარაში 2022 წელს მოსახლეობის ზრდამ 1,2 ათასი შეადგინა, ქვემო ქართლის რეგიონში – 546, ხოლო თბილისში – 79.
„საქსტატის" ცნობით, საქართველოში მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება ზედიზედ მეორე წელია ფიქსირდება.