თბილისი, 29 მარტი — Sputnik. რუსეთი 2025 წლისთვის საერთაშორისო როუმინგს გააუქმებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრებთან — ყაზახეთთან, ყირგიზეთთან და სომხეთთან, იუწყება „ვედომოსტი“ ევრაზიის ეკონომიკური კომისიის (EEC) მოთხოვნას დართულ საგზაო რუკაზე დაყრდნობით.
საგზაო რუკა EAEU-ს წევრი ქვეყნების უმსხვილეს მობილურ ოპერატორებსა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გაეგზავნა. დოკუმენტის ავთენტურობა „დიდი ოთხეულის“ ორმა ოპერატორმა დაადასტურა.
EAEU-ში როუმინგის გაუქმების საგზაო რუკაში ნათქვამია, რომ სატელეკომუნიკაციო ოპერატორები „წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე საკომუნიკაციო სერვისების სამართლიანი ტარიფების გამოყენების წესებს“ 2024 წლის ბოლომდე შეიმუშავებენ. 2025 წლის პირველი კვარტლისთვის მათ დაევალებათ შეამცირონ საერთაშორისო ურთიერთკავშირის ტარიფები და შემოიღონ შესაბამისი ტარიფები ფიჭური სერვისებისთვის EAEU-ს აბონენტებისთვის.
როგორც რუსეთის მობილური ოპერატორის MTS-ის წარმომადგენელმა განუცხადა გაზეთს, გეგმის შედეგი, რომელიც „რეალიზაციის ლოგიკურ ნაბიჯებს“ ითვალისწინებს, ყველა მონაწილის მიერ აუცილებელი ზომების განხორციელებაზე იქნება დამოკიდებული. მან არ გამორიცხა, რომ ინოვაციების გამო ყველა ოპერატორს შეუმცირდეს შემოსავლები.
მეორე რუსული ოპერატორის „მეგაფონის“ წარმომადგენელმა კი „ვედომოსტს“ განუცხადა, რომ ოპერატორი მზადაა განიხილოს EAEU-ში აბონენტებისთვის „კომფორტული ტარიფების შემოღების შესაძლებლობა“, მაგრამ თავდაპირველად ტარიფების ღირებულების გამოთვლა და დამატებითი ხარჯების შეფასებაა საჭირო.
ოპერატორ Tele2-ის და Beeline-ის წარმომადგენლებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს.
2021 წლის სექტემბერში EAEU-ს წევრი რუსეთი და ბელარუსი სამოკავშირეო სახელმწიფოს ტერიტორიაზე როუმინგის გაუქმებაზე შეთანხმდნენ. მანამდე ამაზე ორი ქვეყნის კომუნიკაციების სამინისტროები შეთანხმდნენ 2018 წელს, ხოლო 2019-ში საგზაო რუკას მოაწერეს ხელი. ამასთან, „ვედომოსტის“ მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ გაუქმება ნომინალური იყო: ოპერატორებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს დღეში გამოყენებული წუთების ლიმიტის შეზღუდვა.
აქვე აღინიშნება, რომ მობილურმა ოპერატორებმა როუმინგული სერვისების ფასები იმ ქვეყნებში შეამცირეს, რომლებიც 2022 წლის სექტემბერში ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების შემდეგ გახდა პოპულარული. როუმინგის ახალი პირობები ხელმისაწვდომი გახდა თურქეთში, ყაზახეთში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში.