ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები ბათუმში ნორვეგიას დაუზავდა

დღევანდელი მატჩის შემდეგ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებებს თითო ქულა აქვთ და ჯგუფში მესამე–მეოთხე ადგილებს იყოფენ.
Sputnik
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ნორვეგიის ნაკრებთან თამაში ფრედ 1:1 დაასრულა.
პირველი ტაიმი ვილი სანიოლის შეგირდებისთვის წარუმატებლად დაიწყო. მე-15 წუთზე სტუმრებმა გოლი გაიტანეს. თავი გამოიჩინა ალექსანდრ სერლოტმა. ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა ძელს მოხვდა. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 0:1 გავიდნენ.
საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი მეტოქეზე ზეწოლით დაიწყო. 61-ე წუთზე კვეკვესკირის ზუსტი პასის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
ორმხრივი შეტევების მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა და თამაში 1:1 დასრულდა.
დღესვე ერთმანეთს A ჯგუფის ლიდერები ესპანეთი და შოტლანდია შეხვდებიან. დღევანდელი მატჩის შემდეგ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებებს თითო ქულა აქვთ, შოტლანდიასა და ესპანეთს სამ-სამი, კვიპროსის ნაკრებს კი ჯერ არცერთი ქულა არ აქვს.
მომდევნო მატჩში, 17 ივნისს საქართველოს ნაკრები გასვლაზე კვიპროსის გუნდს დაუპირისპირდება, რომელსაც ქართველი სპეციალისტი თემურ ქეცბაია წვრთნის.