თბილისი, 27 მარტი — Sputnik. რუსეთი არ აპირებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლას, მიუხედავად მრავალი ქვეყნის მცდელობისა, რომ ის იქიდან გააძევონ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა დმიტრი ბირიჩევსკიმ.
„განვიხილავთ მრავალმხრივ ვაჭრობაში ჩვენი მონაწილეობის ყველა ვარიანტს ვმო-ში სრულფასოვანი წევრობის სარგებლისა და დანახარჯების ბალანსის ანალიზით. ამავდროულად ამოვდივართ იქიდან, რომ არსებობს ორგანიზაციაში სრულუფლებიან წევრად დარჩენის მიზეზები — განვითარებად ქვეყნებთან სტაბილური კავშირების შენარჩუნება, რომლებიც მზად არიან განაგრძონ თანამშრომლობა თანაბარ საფუძველზე და ინტერესების ურთიერთგათვალისწინებით“, — განაცხადა მან.
ბირიჩევსკის თქმით, იმ ფონზე, როცა რუსეთის არამეგობრული ქვეყნები ვმო-დან მის განდევნას ცდილობენ, ორგანიზაციის წევრობაზე უარის თქმა დასავლეთში მათი ანტირუსული ხაზის ეფექტურობის დადასტურებად იქნება აღქმული, რაც ანტირუსული კურსის კიდევ უფრო გამკაცრებას შეუწყობს ხელს.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (WTO) 1995 წელს დაარსდა. იგი აწესებს გლობალური სავაჭრო სისტემის კანონებს და აგვარებს უთანხმოებებს წევრ ქვეყნებს შორის. რუსეთი ორგანიზაციას 2012 წლის 22 აგვისტოს შეუერთდა 19-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ. ამ დროისათვის WTO-ს წევრი მსოფლიოს 164 ქვეყანაა.