ტრაგედია ვაკის პარკში: ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს
კომპანია „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ გამოძიებას სპექტაკლი უწოდა და პროკურატურა უმოქმედობაში დაადანაშაულა.
Sputnikთბილისი, 27 მარტი – Sputnik. ვაკის პარკის შადრევანში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დაღუპვის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა ეჭვი შეიტანეს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში, რის გამოც სასამართლოს მისი აცილების შუამდგომლობით მიმართეს.
ვაკის პარკში ტრაგედია 2022 წლის 13 ოქტომბერს მოხდა. სამ ბავშვს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. მოხერხდა მხოლოდ ორის გადარჩენა, ხოლო 13 წლის გოგონა დაიღუპა. საქმეზე ბრალდებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიგი გიგაშვილი, მისი მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი და კომპანია „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.
როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, ბრალდებულებსა და მათი ოჯახის წევრებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მოსამართლემ უკვე მიიღო გადაწყვეტილება. დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა არც პროკურატურამ, არც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, შესაბამისად, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, ფურცხვანიძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურა სიმართლის დადგენით არ არის დაინტერესებული.
„ჩვენ გვაქვს ექსპერტიზა, რომელიც გამორიცხავს იმის ალბათობას, თითქოსდა 22 სექტემბერს მოხდა რაღაც, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა. შესრულებულ სამუშაოსა და პროექტს შორის შეუსაბამობა არ ყოფილა“, – თქვა ჩოფიკაშვილმა.
მისი სიტყვებით, დაცვის მხარე უშედეგოდ ითხოვდა შადრევნების მწარმოებელი ქარხნის ინჟინრის დაკითხვას.
„პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ადამიანი არ დაეკითხათ. ბრალდება არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენით“, – აღნიშნა ჩოფიკაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ პროკურატურას ექსპერტიზისთვის ოთხი თვე დასჭირდა, ფურცხვანიძეს კი იმაში ადანაშაულებს, რომ მან ექსპერტიზა სამ კვირაში ვერ ჩაატარა.
„ჯერ დრო არ იყო მოსული და ამის მიუხედავად (შადრევანი) ექსპლუატაციაში ჩაბარდა. ლაშა ფურცხვანიძეს შადრევნის ჩართვასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს მის მოვალეობაში არ შედიოდა“, – აღნიშნა ჩოფიკაშვილმა.
პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი კი ამტკიცებს, რომ მილების შეფუთვის დამატებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ ექსპერტიზა აუცილებელი იყო და ის დიდ დროს არ მოითხოვდა.
დიდი დრო დასჭირდა ყველა ჩატარებული სამუშაოს კომპლექსურ ექსპერტიზას, რომელიც პროკურატურის დაკვეთით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა.
„გრინსერვისს“ ამდენი დრო არ დასჭირდებოდა. რამდენი დროც არ უნდა ყოფილიყო საჭირო, ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო“, – აღნიშნა პროკურორმა ტყეშელაშვილმა.
თავად ფურცხვანიძემ სასამართლოში განაცხადა, რომ დაინტერესებულია მომხდარის მიზეზების დადგენით.
„როგორც ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას, შეგიძლიათ ბრალი დამდოთ მრავალ ცოდვაში, მაგრამ იმას, რასაც თქვენ ასე უნიჭოდ ცდილობთ დამაბრალოთ, ვერ დამაბრალებთ, რადგან ჩემ გაუთავებელ თხოვნებზე, გამოგეძიებინათ ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები, თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ“, – მიმართა ფურცხვანიძემ ბრალდების მხარეს.
მისი თქმით, პროკურატურას არ დაუკითხავს ჩინელი ინჟინერი, რომელიც თვე-ნახევრის განმავლობაში ამონტაჟებდა მოწყობილობას შადრევანში.
„მე პირადად მაინტერესებს ამ ტრაგედიის რეალური გამომწვევი მიზეზები. იმიტომ კი არა, რომ მეშინია ციხეში არ ჩამსვან, არამედ იმიტომ, რომ, თქვენგან განსხვავებით, სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო ეს ტვირთი. თქვენ კი გაინტერესებთ მხოლოდ ის, რომ ფორმალურად დამიმტკიცოთ თქვენ მიერვე გამოგონილი ბრალდება“, – განაცხადა ფურცხვანიძემ.
მან გამოძიებას სპექტაკლი უწოდა. ფურცხვანიძის სიტყვებით, წაშლილია ვიდეოკამერების ჩანაწერები, შესაბამისად – დანაშაულის კვალი.
თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე ისაუბრა მერიის ყოფილი თანამშრომლის ვახტანგაშვილის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემაც.
„პროკურატურა ედავება სამსახურებრივ გულგრილობას, თითქოს იგი (ვახტანგაშვილი) ვალდებული იყო, მოეთხოვა ექსპერტიზის დასკვნა. მას არ ჩაუბარებია სამუშაოების დასრულება, ის დაფიქსირებულიც კი არ არის, როგორც მონაწილე მხარე არც მიღება-ჩაბარების აქტში, არც ხელშეკრულებაში. შეთანხმებაზე არის სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერა, მიღება-ჩაბარებაზე – სპეციალისტების“, – აღნიშნა ცუცქირიძემ.
გამოძიების ვერსიით, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა ყალბი პროექტი, რომელიც ელექტრომოწყობილობის დამონტაჟებისას უსაფრთხოების ტექნიკის წესებს არ შეესაბამებოდა. შედეგად „გრინსერვისმა“ შეასრულა სამუშაო, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
კერძოდ, შადრევნის შიდა აუზში დამონტაჟდა 220 ვოლტიანი მართვის მოწყობილობა, ხოლო სადენები არ იყო ჩადებული სათანადო დაცვის მქონე მილებში. ამასთან, არ იყო რელე, რომელიც ელექტროენერგიის გაჟონვის შემთხვევაში ავტომატურად გამორთავდა კვებას. ასევე არ იყო დამიწებული ტუმბოს დამცავი ხუფი.
გამოძიების მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროექტი არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების ნორმებს, ტუმბოები უნდა განთავსებულიყო შადრევნის აუზის გარეთ და ამ შემთხვევაში ტუმბოების ძრავების სადენებიდან ელექტროენერგია არ გაჟონავდა. მეორე პროექტში ტუმბოები აუზში იყო გადატანილი.