თბილისი, 27 მარტი – Sputnik. 28 მარტს დაგეგმილ აქციას არავითარი კავშირი არა აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან, აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა და ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კიევ-პეჩორის ლავრის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო 28 მარტს უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქციის ჩატარების გეგმებზე ისაუბრა.
ამას წინათ უკრაინის ხელისუფლებამ ამ ეკლესიის წარმომადგენლებს მოსთხოვა ლავრის დატოვება 29 მარტამდე – ფორმალურად სახელმწიფო ქონების გამოყენების პირობების დარღვევის გამო. მღვდელმსახურებმა განაცხადეს, რომ არ დაემორჩილებიან ხელისუფლების მოთხოვნებს: „ჩვენ არ ვართ კოლაბორანტები, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვართ“.
„გავრცელდა ინფორმაცია 28 მარტს საეკლესიო თემასთან დაკავშირებული აქციის შესახებ, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხება. როგორც ნათქვამია განცხადებაში, მსვლელობა უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქციით უნდა დასრულდეს და თითქოს მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩვენი ეკლესიის სასულიერო პირებმაც. ვაცხადებთ – აღნიშნულ აქტივობას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირი არა აქვს“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასულიერო პირებმა სხვა ქვეყნის სახელმწიფო წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან თავი უნდა შეიკავონ.
საპროტესტო აქცია 15:00 საათზე ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკთან დაიწყება, საიდანაც მონაწილეები უკრაინის საელჩოსკენ გაემართებიან.
წყარო - საქართველოს საპატრიარქო