დავით სერგეენკო ორი საპარლამენტო კომიტეტიდან გაიწვიეს

სერგეენკომ მანამდე განაცხადა, რომ მისთვის მეათე მოწვევის პარლამენტი არის ბოლო სამუშაო ადგილი საჯარო სამსახურში და პოლიტიკაშიც.
Sputnik
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ დეპუტატი დავით სერგეენკო ორი საპარლამენტო კომიტეტიდან გაიწვია.
ორშაბათს გამართულ ბიუროს სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული საპარლამენტო უმრავლესობის მიმართვა სერგეენკოს გაწვევის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან, რომლის წევრიც სერგეენკო 2021 წლის აგვისტოდან იყო.
გარდა ამისა, დეპუტატი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს. სერგეენკო ამ კომიტეტის წევრი 2020 წლის დეკემბრიდან იყო.
მანამდე „ქართულ ოცნებაში“ საკადრო ცვლილებები დააანონსეს ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის სერგეენკო, საკანონმდებლო ორგანოს დატოვებას აპირებს.
თავად სერგეენკომ არ გასცა ცალსახა პასუხი კითხვაზე, ტოვებს თუ არა ის პარტიას და მანდატს. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ მისთვის მეათე მოწვევის პარლამენტი არის ბოლო სამუშაო ადგილი საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში. სერგეენკომ დასძინა, რომ ექიმად მუშაობა ურჩევნია.
გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხუთი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
გიორგი ამილახვარს საპარლამენტო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშვნის გამო.
დანიშვნებს უკავშირდება ასევე გადაწყვეტილებები საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილ მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან და ნინო იობაშვილთან დაკავშირებით. ჩაჩიბაია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა, იობაშვილი – ასევე პრემიერის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
მედია: „ქართულ ოცნებაში“ ცვლილებები იგეგმება - დეპუტატები მრჩევლები გახდებიან >>
გიორგი ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა.
რაც შეეხება ირაკლი კოვზანაძეს, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა არანაირ დანიშვნას არ უკავშირდება, მან მანდატზე უარის თქმის შესახებ განცხადება დაწერა.
ხუთივე დეპუტატი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით არის მოხვედრილი, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მათ სიით მომდევნო პარტიელები ჩაანაცვლებენ.
მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ოპოზიციური მედიები ცდილობენ ილუზიის შექმნას, თითქოს „ქართული ოცნება“ დაშლის პირასაა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, უმრავლესობა დაშლილად მიიჩნევა, თუ საკანონმდებლო ორგანოს წევრთა რაოდენობა საპარლამენტო ორგანოში 76 დეპუტატზე ნაკლებია.
ბოლოს უმრავლესობა დაშლის საფრთხის წინაშე 2022 წლის ოქტომბერში აღმოჩნდა, როდესაც „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატმა დატოვა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" ჩამოაყალიბა. შედეგად ფრაქცია „ქართულ ოცნებას" 150-ადგილიან პარლამენტში 74 დეპუტატი დარჩა.
მიუხედავად პარტიიდან და ფრაქციიდან გასვლისა, „ხალხის ძალის" წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.