რუსეთმა შესაძლოა „ჩრდილოეთის ნაკადებისთვის“ მიყენებული ზარალის კომპენსაცია მოითხოვოს

Sputnik
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. მოსკოვმა შესაძლოა დროთა განმავლობაში დააყენოს „ჩრდილოეთის ნაკადებისთვის“ აფეთქებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა დმიტრი ბირიჩევსკიმ.
ბირიჩევსკის თქმით, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰერშმა თავისი გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ გაავრცელა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების შესახებ.

„მაგრამ დასავლეთის ქვეყნები აქტიურად უცხადებენ საბოტაჟს რეზოლუციის პროექტზე მუშაობას და მიზეზად საერთაშორისო გამოძიების „დამატებითი ღირებულების“ ნაკლებობას ასახელებენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავაც მტკიცედ მოვითხოვთ ყოველმხრივ და ღია საერთაშორისო გამოძიებას მასში რუსეთის წარმომადგენლების სავალდებულო მონაწილეობით“, — აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ დივერსია 2022 წლის 26 სექტემბერს მოხდა. დასავლეთის ქვეყნებმა დივერსიაში რუსეთი დაადანაშაულეს „გაზის შანტაჟის“ მიზნით. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადების“ ავარიით შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები იყვნენ დაინტერესებული. ამ დროისათვის გამოძიებას ჯერ კიდევ არ აქვს გაცემული პასუხი კითხვაზე, ვინ დგას გაზსადენებზე დივერსიის უკან.
მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში ამერიკელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰერშმა თავის ბლოგზე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბალტიის ზღვაში გაზსადენები აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ბრძანებით ააფეთქეს, ხოლო ასაფეთქებელი მოწყობილობა შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მყვინთავებმა დაამონტაჟეს. თეთრმა სახლმაც და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც უარყვეს ჰერშის ინფორმაცია.