თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში შევიდა შესწორებები კანონში „საქართველოს მოქალაქეობის“ შესახებ, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, გამონაკლისის წესით, მეტი ემიგრანტი შეძლებს.
ამჟამად საქართველოს მოქალაქეობა გამონაკლისის სახით ენიჭება:
იძულებით გადაადგილებულ პირებს ან მცხოვრებთ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მიერ არ კონტროლდება;
ემიგრანტებს, რომლებმაც ქვეყანა პოლიტიკური მოტივებით ან მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გამო დატოვეს;
უცხოელებს, რომლებიც ახორიცელებენ ინვესტიციებს და დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში;
წარმატებულ სპორტსმენებს;
მეცნიერებს ან ხელოვნების მოღვაწეებს, რომლებსაც საქართველოს სახელით მუშაობა სურთ.
კანონპროექტის ავტორები გამოდიან წინადადებით, გაიზარდოს ეს ჩამონათვალი და მასში შევიდეს მოქალაქეობის მინიჭება ემიგრაციაში მყოფი პირებისთვის: საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო; საკუთარი ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; ასევე ოჯახთან შეერთების მიზნით.
ამასთან, მოქალაქეობის მიღების პირობა გამონაკლისის სახით ემიგრანტებისა და ასევე სხვა მსურველებისთვის, უნდა გახდეს ქართული ენის, ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნა.
გარდა ამისა, პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებად ჩაითვლებიან პირები, რომლებიც დაიბადნენ ან ცხოვრობდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე, და მათი შთამომავლები. ამასთან, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, სხვა ქვეყნების მოქალაქეობისგან განსხვავებით, არ იქნება დაბრკოლება ქართული მოქალაქეობის დასადგენად.