ზემო ლარსი დღეს: გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა.
Sputnik
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
უწყების ცნობით, მლეთა–გუდაურის(ფოსტა) და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ აიკრძალა.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.