თბილისი, 25 მარტი – Sputnik. რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, ზვავსაშიშროების მაღალი დონის გამო შეზღუდვა დაწესდა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ცოტა ხნის წინ აღნიშნულ მონაკვეთზე თოვის გამო ტრაილერების მოძრაობა აიკრძალა.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი