თბილისი, 25 მარტი – Sputnik. გაგარინის ქუჩაზე, რომელიც საბურთალოს რაიონს დიღმის გზატკეცილთან აკავშირებს, წყალმომარაგების დაზიანების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაკეტილია, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, სრულად შეიზღუდა „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან ჟვანიას მოედნისკენ ამსვლელი გზის მონაკვეთი, რის გამოც ტრანსპორტი მარჯვენა სანაპიროდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით გადაადგილდება.
რაც შეეხება ჟვანიას მოედნიდან „ვეფხი და მოყმის“ ძეგლისკენ ჩამსვლელ გზის მონაკვეთს, აქ მოძრაობა შეზღუდული არ არის და ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.
წყალგამანაწილებელ კომპანიაში განაცხადეს, რომ გაგარინის ქუჩაზე მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება
„კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ წყალმომარაგების მილზე აღდგენითი სამუშაოების დასრულებისთანავე მოწესრიგდება გზის საფარი და სამანქანო მოძრაობა 26 მარტს, 02:00 საათზე სრულად აღდგება“, - აცხადებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.
წყარო - მერია