როდის გადიჭრება საქართველოში წყალმომარაგების პრობლემები: მინისტრის განცხადება

საქართველოში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების მთავარ მიზეზად მოძველებული კომუნიკაციები და საჭირო ინფრასტრუქტურის ნაკლებობა სახელდება.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ამოცანაა 2025 წლისთვის ქვეყნის ყველა ქალაქში 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფაა, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გაეროს წყლის რესურსების 2023 წლის კონფერენციაზე,
წყალმომარაგების პრობლემა მწვავედ დგას საქართველოს რეგიონების ქალაქებსა და სოფლებში, სადაც მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. მთავარ მიზეზად მოძველებული კომუნიკაციები და საჭირო ინფრასტრუქტურის ნაკლებობა სახელდება.
„საქართველოს მთავრობის ამოცანაა 2025 წელს ქვეყნის ყველა ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო 2030 წელს - ქვეყნის სრული მოსახლეობა სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებითა და წყალარინებით იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, საქართველომ შეიმუშავა სპეციალური სტრატეგია, რომელიც სრულ თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან და შესაბამისად, ქვეყანა უზრუნველყოფს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
თბილისში წყალსადენის დაზიანების გამო ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაიკეტა >>
კონფერენციის ფარგლებში, მინისტრმა წყლის ხელმისაწვდომობის თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ირაკლი ქარსელაძემ პანელური დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ბოლო წლების პროგრესის შესახებ მოსახლეობის სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა.