თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ქრისტიანული ღირებულებები საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავს საქართველოს ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას, ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 106-ე წლისთავთან დაკავშირებით.
„ქრისტიანული ღირებულებები საფუძვლად უდევს ქართველთა თვითშეგნებას და საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას. თანამედროვე ეპოქაშიც, ევროპული საქართველოს შენებისას, სწორედ ის ტრადიციული ღირებულებები გვიმაგრებს ზურგს, რომელთაც დედაეკლესია განასახიერებს“, - ნათქვამია მილოცვაში.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ დღეს საქართველო მადლიერებით იხსენებს იმ ადამიანებს, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა ავტოკეფალიის აღსადგენად.
„აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ, ავტოკეფალიის აღდგენა სრული სახით, ოფიციალურად აღიარება უძველესი ავტოკეფალიისა, სულ ახლახან, 1990 წელს, მისი უწმინდესობის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის უდიდესი შრომისა და საერთაშორისო ავტორიტეტის წყალობით მოხერხდა“, - ნათქვამია მილოცვაში.
ეკლესიის თვითმმართველობის აღდგენით ქართველი ხალხი დაუბრუნდა მართლმადიდებლობის უძველეს ტრადიციებს, აღნიშნულია მილოცვაში.
ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისგან 457 წელს მიიღო, რუსეთის საიმპერატორო კარმა კი 1811 წელს უკანონოდ გააუქმა, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 106-წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქად 1917 წლის 1 ოქტომბერს კირიონ II აირჩიეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს ცნო. 1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა.