მკვლელობა დიღომში: ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

დაზარალებული მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
Sputnik
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 მარტს, თბილისში, დიღმის მასივის მე-3 კვარტალში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დანით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა.
მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
წყარო - გენერალური პროკურატურა