თბილისი, 24 მარტი — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მხატვრების – ჯემალ და გიორგი კუხალაშვილების გამოფენა „ზღურბლს მიღმა“ მიმდინარეობს, ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
გამოფენა, რომელიც 8 აპრილამდე გასტანს, მატერიალური და სულიერი სამყაროს მხატვრულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
„ძირითადი ლაიტმოტივი, რომელიც ექსპოზიციას გასდევს, ზღურბლს მიღმა არსებულზე საუბარია. სულიერების ძიება, წარმოდგენილი ფერწერული ტილოებით, მხატვრის ერთგვარი მედიტაციური მცდელობაა თავად შეიცნოს მიღმიერი და დამთვალიერებელიც ამოგზაუროს ამ სამყაროში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჯემალ კუხალაშვილი 1952 წელს დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და უკვე 80-იან წლებში დაიწყო შემოქმედებითი საქმიანობა. მხატვრის ნახატებში ასახულია ყოველდღიური ცხოვრება თავისი მრავალფეროვნებით.
გიორგი კუხალაშვილი ჯემალ კუხალაშვილის შვილია, დაიბადა 1982 წელს. 2002-2007 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. შემოქმედების ადრეულ ეტაპზე აშკარად ჩანდა მხატვრის ინტერესი რელიგიური, ალეგორიული და მისტიკური თემებისადმი.
გიორგი კუხალაშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს, ნიდერლანდის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთისა და აშშ-ის კერძო კოლექციებში.
მხატვრის შემოქმედება წარმოდგენილია აგრეთვე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში.