ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის სახელობის კონკურსის ფინალში გავიდა

ფინალში ექვსმა კონკურსანტმა უნდა დაუკრას კამერული მუსიკის ნაწარმოები, კლასიკური კონცერტი და დიდი კონცერტი.
Sputnik
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. 21-ე საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ნიჭიერი პიანისტი გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტეინის მე-16 საერთაშორისო პიანისტთა კონკურსის ფინალში გავიდა.
არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი თელ-ავივში ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება 1974 წლიდან. წელს კონკურსი 14-დან 31 მარტამდე გაგრძელდება.
კონკურსის პირველ ეტაპზე 39 პიანისტი შეირჩა, რის შემდეგაც მეორე ეტაპზე მხოლოდ 16 პიანისტი გადავიდა. ფინალში, სადაც გიგაშვილი გავიდა, ექვსმა კონკურსანტმა უნდა შეასრულოს კამერული მუსიკის ნაწარმოები, კლასიკური კონცერტი და დიდი კონცერტი.
გიორგი გიგაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი პიანისტია. წარმატებით მართავს კონცერტებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ – აშშ-ში, პოლონეთში, ესპანეთში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. გიორგი თანამშრომლობს კამერულ ანსამბლებთან და ორკესტრებთან, ასევე მონაწილეობს ფესტივალებსა და მასტერ-კლასებში მთელ მსოფლიოში.
2019 წელს გიგაშვილი მუსიკალური ხელოვნების ნომინაციაში წინანდლის პრემიის ლაურეატი გახდა.