თბილისი, 23 მარტი — Sputnik. რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა 24 მარტიდან მუშაობას განაახლებს, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
თბილისის მერიის ინფორმაციით, საბაგიროს მუშაობა 20 მარტს რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო შეჩერდა.
საბაგირო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს და მგზავრებს 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურება.
რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს ერთმანეთთან, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა. საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს. საბაგირო დღეში საშუალოდ 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.
გარდა ამისა, თბილისში ასევე ფუნქციონირებს კუს ტბის და ბაგების საბაგირო.
წყარო - თბილისის მერია