თბილისი, 22 მარტი – Sputnik. რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.
ოთხშაბათს მოსკოვში ჩატარდა ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი და საქართველო“: რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“, სადაც, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხები განიხილეს.
„ბევრ მოხელესთან, პოლიტიკოსთან, სამთავრობო სტრუქტურასთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს საავიაციო კავშირის აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები ამისკენაა მიმართული და სავსებით შესაძლებელია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ახლო მომავალში მივიღოთ“, – განაცხადა კალაშნიკოვმა.
დეპუტატის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რაც მსოფლიოში ხდება, საქართველოში ამ საკითხს დადებითად უდგებიან.
„რუსეთში, სამწუხაროდ, ეს საკითხი დღემდე არ არის გადაწყვეტილი. მაგრამ ჩვენი, პოლიტიკოსების ამოცანაა, წამოვწიოთ ეს დღის წესრიგი, ხოლო მათი (ხელისუფლების) – მიიღონ ის“, – აღნიშნა კალაშნიკოვმა.
რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად შეწყდა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი 2000 წელს დაუწესა, 2019 წელს კი შეწყვიტა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან. ბოლო გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სახელმწიფო დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის გამო შექმნილი აჟიოტაჟისა და ანტირუსული ლოზუნგებით საპროტესტო ტალღის საპასუხოდ.
რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასასვლელად ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წლის დასაწყისში გააუქმა.
ამ საკითხების მოგვარებაზე გავლენის მოსახდენად მოსკოვში უკვე მეორედ ჩატარდა ეკონომიკური ფორუმი პოლიტიკოსების, დეპუტატებისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით. პირველად ღონისძიება 2022 წლის დეკემბერში გაიმართა.
ფორუმის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო ბიზნეს-კორპორაცია, დსთ-ის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტი და ფონდი „სოლიდარობა მშვიდობისათვის“.
დეპუტატის თქმით, ფორუმის მონაწილეები არ ეხებიან პოლიტიკურ საკითხებს, რომლებიც ძალიან ფაქიზია, და ცდილობენ გავლენა მოახდინონ ფრენებთან და ვიზებთან დაკავშირებული საკითხების უსწრაფეს მოგვარებაზე.
„რატომ გააუქმა საქართველომ უვიზო რეჟიმი რუსებისთვის, ჩვენ კი სავიზო დავტოვეთ? მიგვაჩნია, რომ უკვე შეიძლება წინ წავიწიოთ და შევცვალოთ ეს რეალობა“, – აღნიშნა კალაშნიკოვმა.
კალაშნიკოვის თქმით, ღონისძიებაზე გაისმა რუსულ-ქართული უნივერსიტეტის ჯერ მოსკოვში, შემდეგ თბილისში დაფუძნების, რუსეთში მცხოვრები ქართველების დახმარების იურიდიული ცენტრის შექმნის, ასევე რუსეთში მცხოვრები ქართველების დახმარებისთვის ბიზნეს-ცენტრის შექმნის წინადადებები.
„ეს წინადადებები გაისმა და ისინი დამუშავდება“, – თქვა დეპუტატმა.
სავაჭრო პერსპექტივები
რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. სტატისტიკის თანახმად, სავაჭრო ბრუნვამ ქვეყნებს შორის 2023 წლის იანვარ-თებერვალში თითქმის 70%-ით მოიმატა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 467,1 მლნ დოლარი შეადგინა, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი კი 38%-ით გაიზარდა.
„ვხედავ, რომ ეს დადებითი ტენდენციაა. უცნაური იქნებოდა, ჩვენ, მეზობლებს ეს არ გვჭირდებოდეს. ჩვენც გვჭირდება და საქართველოსაც“, – თქვა კალაშნიკოვმა.
2022 წლის განმავლობაში საქართველოში 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა. აქედან 1,1 მლნ რუსეთის მოქალაქე იყო. სულ გასულ წელს რუსეთიდან საქართველოში ჩამომსვლელთა რიცხვი 2021 წელთან შედარებით ხუთჯერ გაიზარდა.
2022 წელს ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს – 896,5 მლნ დოლარი, რაც საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მეოთხედია.