ქართველი მეღვინე: რუსეთში უპირატესობას წითელ ღვინოს ანიჭებენ

ქართული ღვინის კომპანიებისთვის რუსეთი ძირითად ბაზრად რჩება.
Sputnik
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ქართული ღვინის მთავარ ექსპორტიორად კვლავ რუსეთი რჩება. რუსეთში მცხოვრებნი უპირატესობას წითელ ღვინოს ანიჭებენ, ამბობს მეღვინეობის მფლობელი ირაკლი კოტეტიშვილი „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
ოთხშაბათს მოსკოვში გაიმართა ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი და საქართველო“: რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“.

„შემიძლია ვთქვა, რეალურად რა ხდება დღეს: ქართული ღვინის მთავარი ბაზარი რუსეთია“, – თქვა მან და დასძინა, „ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ბაზარია, მუდამ ვცდილობთ მის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“.

მეღვინეობა საქართველოსთვის - მეტად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, აღნიშნა ბიზნესმენმა.
„ვფიქრობ, საქართველოსთვის ეს ძალიან სერიოზული მიმართულებაა. ეს უბრალოდ ბიზნესის სექტორი არაა, საქართველოს მეღვინეობაში ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარია ჩაბმული“, – დასძინა ბიზნესმენმა.
კოტეტიშვილმა აღნიშნა, რომ 2022 წლის განმავლობაში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა, ხოლო კითხვაზე, თუ რომელ ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას რუსეთში, მან ასე უპასუხა: „ორივეს - წითელსაც და თეთრსაც, მაგრამ მიწოდებებით წითელი ჭარბობს“.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ბოლო მონაცემებით, ქართული ღვინის მთავარ ექსპორტიორად კვლავ რუსეთი რჩება.
„საქსტატის" ცნობით, 2023 წლის იანვარში საქართველომ ჯამში 15,9 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც 8,1%-ით მეტია 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ღვინოს მეექვსე პოზიცია უკავია და ის მთელი ექსპორტის 3,5%-ს შეადგენს.
ამასთან, იანვრის მონაცემებით, ექსპორტის მთლიანი მოცულობის 70% სწორედ რუსეთზე მოდის. 2022 წლის იანვარში ამ მაჩვენებელმა 59,3% შეადგინა.
2023 წლის იანვარში რუსეთში საქართველომ 11,2 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,8%-ით მეტია.