თბილისი, 22 მარტი – Sputnik. 22 წლის ხვიჩა კვარაცხელიას პირობითი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონით გაიზარდა და რეკორდულ რიცხვს, 85 მილიონს მიაღწია – ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელს 85 მილიონ ევროდ აფასებს.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი გასული წლიდან ქართველ ფეხბურთელთა შორის რეკორდსმენი იყო, ახლა კი, პორტალის ვერსიით, ადგილი უკვე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა შორის დაიკავა.
კვარაცხელია „ნაპოლიში" გადასვლამდე 15 მლნ ევროდ ფასდებოდა, შემდეგ გახდა 35 მლნ, ხოლო 2022 წლის ბოლოს – 60 მლნ. ამჟამად კი, მარტის განახლებულ მონაცემებში ეს რიცხვი 85 მლნ ევრო გახდა. გასული წლის 5 მაისიდან 2023 წლის 21 მარტამდე მისი შეფასება 70 მილიონით გაიზარდა.
იტალიური სერია А-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა. ფეხბურთის ექსპერტების საერთო შეფასებით, ის დიდ როლს ასრულებს „ნაპოლის“ ჩემპიონობასთან მიახლოებაში 30-წლიანი პაუზის შემდეგ.