თბილისი, 22 მარტი – Sputnik. ამჟამად მუშავდება და 1 მაისიდან ამოქმედდება თბილისის მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიკური კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია მერიისთვის ქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო მუშაობს პროექტზე – სპეციალურ აპლიკაციაზე „ფიქს თბილისი“, რომელზე წვდომაც ყველა მოქალაქეს ექნება.
აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქეს დაზიანების შესახებ შეტყობინებისთვის არ მოუწევს „ცხელ ხაზზე“ დარეკვა, ინფორმაცია იქნება უფრო სრულყოფილი და მერია პრობლემის მარტივად იდენტიფიცირებას შეძლებს, აღნიშნა კალაძემ.
„მოქალაქე შეძლებს დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიაწეროს მისამართი. ეს ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, რომლის მხრიდანაც დაიწყება განცხადებაზე რეაგირება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, განახლებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს მოქალაქის მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება, მოქალაქე ამავე აპლიკაციის საშუალებით მიიღებს.
კალაძის განცხადებით, მერიისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე ოპერატიული რეაგირება იმის გათვალისწინებით, რომ ინფრასტრუქტურა ხშირად ზიანდება.
მერის თქმით, აპლიკაცია თავდაპირველად ოთხი კატეგორიის საკითხებს გააერთიანებს: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარე განათების დაზიანება და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება.
ამასთან, კატეგორიების ნუსხა მომავალში გაიზრდება.
„ვიმედოვნებ, აღნიშნული აპლიკაციის დახმარებით კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება მუნიციპალიტეტის რეაგირება პრობლემებზე და მოსახლეობასთან ჩვენი კომუნიკაცია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
აპლიკაციას საზოგადოებას აპრილში წარუდგენენ. მერიის მიზანია მოქალაქეებთან ერთად ზრუნვა ქალაქში წარმოქმნილ პრობლემებზე.
კალაძემ მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების დაზიანება ან განადგურება დაჯარიმებას გამოიწვევს.
მისი თქმით, საზოგადოებრივ სივრცეებში და მუნიციპალურ ტრანსპორტში ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მომზადდა. ამ ეტაპზე კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა.