საქართველოში პირველად ყირგიზეთის საკონსულო გაიხსნა

ყირგიზეთის ელჩმა საკონსულოს გახსნას ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის ისტორიული ფაქტი უწოდა.
Sputnik
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ფოთში, ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა.
ყირგიზეთის საკონსულო ფოთში პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობაა. ამ დრომდე დიპლომატიური მისიის მიმართ ყველა შეკითხვა იგზავნებოდა ბაქოში ყირგიზეთის საელჩოში.
„ფოთში საკონსულოს გახსნა კიდევ ერთი ხაზგასმაა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ გახსნის ცერემონიაზე.
გუბერნატორი ყირგიზეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაირატ ოსმონალიევს შეხვდა, რომელიც ასევე ყირგიზეთის ელჩია აზერბაიჯანში. მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ყირგიზეთის ელჩმა, კაირატ ოსმონალიევმა საკონსულოს გახსნას ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის ისტორიული ფაქტი უწოდა.
„ჩვენ დავიწყეთ რეალიზაცია არსებული პოტენციალის - ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებებით. ამ მხრივ უფრო აქტიურად ვთანამშრომლობთ რისი ნათელი მაგალითიცაა საკონსულოს გახსნა“, - განაცხადა ელჩმა.
ბათუმს და ბიშკეკს რეგულარული ავიარეისები დააკავშირებს >>
მისი თქმით, საქართველო არის დიდი სატრანსპორტო ჰაბი.
„იცით, რომ ყირგიზეთს აქვს სარკინიგზო ხაზი ჩინეთთან, რომელიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსაც და ახალ სატრანსპორტო კორიდორს გვიხსნის, რომელიც ჩინეთიდან ყირგიზეთის, თურქმენეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოდის და ამ სატრანსპორტო კვანძში ფოთს უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს“, - განაცხადა ოსმონალიევმა.
საქართველომ და ყირგიზეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივლისს დაამყარეს, ქვეყნები ძირითადად ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობენ.