„საუკეთესო მსოფლიოში": „საქართველოს ფოსტა" მომსახურების ხარისხისთვის დაჯილდოვდა

„საქართველოს ფოსტა" 2022 წლის მდგომარეობით ყველა საერთაშორისო კრიტერიუმს შეესაბამებოდა.
Sputnik
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. „საქართველოს ფოსტამ" მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) მორიგი ჯილდო მიიღო EMS მომსახურების ხარისხის კატეგორიაში მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანას შორის, ნათქვამია „საქართველოს ფოსტის" განცხადებაში.

„მსოფლიო საფოსტო კავშირის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოს ეროვნულმა საფოსტო ოპერატორმა EMS მომსახურებისთვის განახორციელა სერვისის სრული მოდერნიზაცია და შეიმუშავა საოპერაციო მოდელი, რომელიც სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის მომსახურების სტანდარტებს", – ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიო საფოსტო კავშირში შემავალი ორგანოს „EMS კოოპერატივის" ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორების აუდიტორული შეფასება მომსახურების ხარისხის (EMS Customer Care) მიმართულებით.
შეფასების შედეგად ავლენენ გამარჯვებულ საფოსტო ოპერატორებს მსოფლიო მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტამ" 2022 წლის მონაცემებით დააკმაყოფილა ყველა საერთაშორისო კრიტერიუმი, რაც ნიშნავს, რომ კომპანიამ სრულად მოახდინა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და შესრულება.
მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით.
„საქართველოს ფოსტა“ ქართული სტუმარმასპინძლობის პოპულარიზაციას იწყებს>>
EMS კოოპერატივში გაერთიანებულია 180-ზე მეტი წევრი ქვეყანა, რომლებიც ერთობლივად ახორციელებენ EMS მომსახურების განვითარების და გამართული მუშაობის უზრუნველყოფას. ამასთანავე EMS კოოპერატივი ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების თანამშრომლობას, რათა მომხმარებლებს გაუწიონ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი საფოსტო სერვისი მსოფლიოს მასშტაბით.
„საქართველოს ფოსტა" საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის-ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა" EMS გაერთიანების წევრია 2001 წლიდან.
„საქართველოს ფოსტას" მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის-ცენტრი გააჩნია. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.