კრუნჩხვები ბავშვებში: როგორ მოვიქცეთ ექიმის მოსვლამდე - კომაროვსკის რჩევა

Sputnik
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. მაღალი სიცხის ფონზე შეიძლება ბავშვს ფებრილური გულყრა (კრუნჩხვები) განუვითარდეს, რაც ძირითადად 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში იჩენს თავს, და შემდეგ ის უმეტესწილად უკვალოდ ქრება, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.
მისი თქმით, ტემპერატურის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა — ბავშვის მზარდი ტვინის თავისებურებაა, რომელიც შეიძლება მკურნალობას არც საჭიროებდეს.

„ხაზს ვუსვამ: თუ კრუნჩხვები მხოლოდ მაღალი ტემპერატურის ფონზე ჩნდება, ეს, როგორც წესი, საშიში არ არის. მიუხედავად ამისა, თავად კრუნჩხვები საკმაოდ სახიფათო მოვლენაა და ამისთვის მშობელი მზად უნდა იყოს“, — განმარტავს ექიმი.

ეს მზადყოფნა, კომაროვსკის განმარტებით, იმაში გამოიხატება, რომ თუ ბავშვს თუნდაც ერთხელ დაემართა ფებრილური კრუნჩხვა, მშობელი ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ პატარას სიცხემ ძალიან არ აუწიოს.
„ამიტომ სიცხის დამწევი საშუალებები შეგიძლიათ უკვე მაშინ გამოიყენოთ, როგორც კი ბავშვს ტემპერატურა მცირედ მოემატება. პრეპარატები გეგმურად უნდა მისცეთ ბავშვს და ყველანაირად შეეცადოთ, რომ სიცხემ 38 გრადუსზე მაღლა არ აიწიოს“, — გვირჩევს პედიატრი.
გარდა ამისა, როგორც ექიმი ამბობს, ავადმყოფობის დროს ბავშვს დამატებით შეგიძლიათ დაალევინოთ დამამშვიდებელი საშუალებები და კალციუმის აბები, „თუმცა ეს პრეპარატებიცა და თავად სიცხის დამწევების ალგორითმიც ჯობს პედიატრთან შეათანხმოთ“.

ფებრილური გულყრის გამომწვევი მიზეზები

კრუნჩხვა ბავშვებში შეიძლება განპირობებული იყოს როგორც მაღალი სიცხით, ისე მემკვიდრეობითი მიდრეკილებით. ფებრილური გულყრის გაჩენის მიზეზები ბოლომდე არ არის დადგენილი. მისი პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს:
მწვავე ვირუსულმა ინფექციებმა;
გაციებამ;
ცხელებამ;
კბილების ამოჭრამ;
აცრებმა — გარკვეული ვაქცინების გვერდითი მოვლენის სახით, განსაკუთრებით, წითელა/ყბაყურა/წითურას (MMR) ვაქცინაციის შედეგად.
როგორც ექიმები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ფებრილური გულყრა შესახედად შიშის მომგვრელია, ის არ აზიანებს ტვინს და არც ინტელექტზე ახდენს ზეგავლენას. ფებრილური გულყრა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ეპილეფსია აქვს.

პირველი დახმარების მეთოდები

როდესაც ბავშვს კრუნჩხვა ეწყება, იქნება ეს სიცხის თანხლებით თუ ტემპერატურის გარეშე, მშობელმა აუცილებლად უნდა შეინარჩონოს სიმშვიდე და მაშინვე სასწრაფო დახმარებას გამოუძახოს.
გახსოვდეთ: კრუნჩხვები საშუალოდ 30 წუთამდე გრძელდება და მისი შეჩერება შეუძლებელია!
ექიმის მოსვლამდე კი:
გახადეთ ბავშვს მჭიდრო ტანსაცმელი, შეუხსენით საყელო;
დააწვინეთ სწორ ზედაპირზე, გვერდზე შეუბრუნეთ თავი და ასე დაუფიქსირეთ;
გახსენით ფანჯრები და მიაწოდეთ ბავშვს ჰაერი;
თვალი ადევნეთ სუნთქვას. თუ პატარამ სუნთქვა შეწყვიტა და კუნთები დაეჭიმა, დაელოდეთ კრუნჩხვის გადავლას და ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა;
ნუ შეეცდებით, რომ შეტევის დროს ბავშვს რაიმე პრეპარატი დაალევინოთ.