თბილისში ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე „ხელოვნების ქალაქი“ შენდება

კინოსტუდიის ტერიტორიაზე მოეწყობა „თოჯინების სახლი“, სადაც სპეციალისტები თბილისსა და რეგიონებში მოქმედი თეატრებისთვის თოჯინებს დაამზადებენ
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე „ხელოვნების ქალაქის“ მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა, ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კინოსტუდიის ერთ-ერთ შენობაში უკვე განთავსდა ცნობილი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის სტუდია, მოეწყო გამოფენა-გაყიდვის სივრცე სამხატვრო აკადემიის პროექტისთვის „ლურჯი სუფრა“.
ხელოვნების ქალაქი
ასევე, ფუნქციონირებს მსახიობების შერჩევის სააგენტო – Eka Cast Agency, რომელსაც მსახიობი და კასტინგ-მენეჯერი ეკა მჟავანაძე ხელმძღვანელობს და მეთოჯინეების – ეკატერინე ბერიძისა და იულია სოროკინას სახელოსნო.
კინოსტუდიის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა „თოჯინების სახლი“, სადაც თბილისსა და რეგიონებში მოქმედი თეატრებისთვის სპეციალისტები დაამზადებენ თოჯინებს, პატარა მაყურებლებისთვის კი გაიმართება თოჯინების სპექტაკლები. მათ ექნებათ საშუალება, დაათვალიერონ სახელოსნო და თავად გახდნენ თოჯინების შექმნის პროცესის მონაწილეები.
ხელოვნების ქალაქი
ასევე, ტერიტორიაზე ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, „Fest I Nova“-ს თბილისის ფილიალიც იქნება (სამხატვრო აკადემიის რექტორის, ყარამან ქუთათელაძის მიერ 2007 წელს დაფუძნებულ ფესტივალს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, რეზიდენცია „არტ-ვილა გარიყულა“ ყოველწლიურად მასპინძლობს).
სამუშაოების მეორე ფაზის განხორციელების შედეგად, ღია სივრცე მსურველებს მასტერკლასებისა და ვორქშოპების ჩატარების საშუალებასაც მისცემს. ასევე, ტერიტორიაზე შეიქმნება მულტიფუნქციური სტუდიები; მოეწყობა კლუბური სტილის კინოდარბაზი.
ხელოვნების ქალაქი
სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, იჯარის საფუძველზე, სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტისა თუ ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობა მხოლოდ ხელოვანებს ექნებათ.