ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ავარიაში მოყვა

სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება, აღნიშნა ექიმმა.
Sputnik
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე რუსთავში მძიმე ავარიაში მოხვდა - მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და ის ამჟამად რეანიმაციაშია, იუწყება „ინფორუსთავი“.
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, კოსტავას გამზირზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. წივწივაძე მოტოციკლით გადაადგილდებოდა.
ახალგაზრდა სპორტსმენი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
ექიმების ინფორმაციით, მას დაუფიქსირდა გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება, აღნიშნა ექიმმა.

„პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამისი მომზადების შემდგომ, ჩაუტარდა ოპერაცია ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, თუმცა სტაბილური", - განაცხადა კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა პაატიშვილმა.

ალექსანდრე წივწივაძე კანოე-კაიაკში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონია.
წყარო - „ინფორუსთავი“