საქართველოში საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

კონკურსზე რვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული გამოვლინდება
Sputnik
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.
საერთო ჯამში რვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული გამოვლინდება:
1.საუკეთესო პოეტური კრებული;
2.საუკეთესო პროზაული კრებული (გაიცემა სამი პრემია);
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3-6 წელი;
ბ) პატარებისთვის, 7-12 წელი;
გ) ყმაწვილებისთვის, 13 +;
3.საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (გაიცემა ორი პრემია);
ა) ყველაზე პატარებისთვის, 3-6 წელი;
ბ) პატარებისთვის, 7-12 წელი;
4.საუკეთესო საბავშვო დრამატურგია;
5.საუკეთესო დებიუტი;
6.საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო კრებული;
7.საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი;
8.საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის.
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა არის 5000 ლარი (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
განაცხადები 28 აპრილის ჩათვლით მიიღება.
ლიტერატურული კონკურსი „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის“ მოსაპოვებლად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით მესამე წელია იმართება.
2022 წელს კონკურსში მონაწილეობისთვის „შემოქმედებით საქართველოს“ 50-მა განმცხადებელმა მიმართა, 2021 წელს - 37-მა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას, ტრადიციულად, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი მასპინძლობს.
საკონკურსო პირობები იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/R85TIhL