მეტროს სადგური „გოცირიძე“ მგზავრებს ემსახურება

Sputnik
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. თბილისის მეტროს სადგური „გოცირიძე“, ორი წლიანი პაუზის შემდეგ, მგზავრებს ემსახურება.
სადგურის რემონტი სრულად დამთავრდა.
რეკონსტრუქციის ფარგლებში გარემონტდა ინტერიერი და ექსტერიერი; „გოცირიძე" თბილისში მეტროს ერთადერთი სადგური იყო, რომელსაც პლატფორმის გადახურვა არ ჰქონდა, ახლა მთლიანად გადაიფარა მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდა მისი გამაგრების სამუშაოები.
მეტროს სადგური „გოცირიძე“
სადგური ასევე ადაპტირებული გახდა შშმ პირებისთვის – დამონტაჟდა ორი ლიფტი და მოეწყო სპეციალური ტაქტილური ბილიკები.
ასევე გარემონტდა როგორც სადგურის ვესტიბიული, ასევე ბაქანი, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეიცვალა გახმოვანების სისტემა. სრულად გამოიცვალა სადგურის ელექტროსისტემები. რეაბილიტირდა მგზავრთა მისაღები ბაქანიც.
პროექტის ბიუჯეტმა 4.7 მლნ ლარი შეადგინა
მეტროს სადგური „გოცირიძე“
სადგური „გოცირიძე" 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და მისი სახე მას შემდეგ განსაკუთრებულად არ შეცვლილა. მეტროს მშენებლობის ხელმძღვანელის ვიქტორ გოცირიძის სახელი ამ სადგურს, რომელსაც მანამდე „ელექტროდეპო“ ერქვა, 2011 წელს მიენიჭა.
მეტროს სადგური „გოცირიძე“
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.