მიხაილ კატკოვი
ამერიკელები და მათი მოკავშირეები ცდილობენ შეაკავონ ჩინეთის მზარდი გავლენა და დიდი ომით იმუქრებიან. კერძოდ, ავსტრალია მალე მიიღებს ატომურ წყალქვეშა ნავებს, რითაც დაირღვევა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება. რისთვის ამზადებენ პეკინს რუსული თვალსაზრისით, იხილეთ „რია ნოვოსტის“ მასალაში.
ბირთვული გარიგება
კალიფორნიის შტატში, სან-დიეგოში, პოინტ-ლომას სამხედრო-საზღვაო ბაზაზე აშშ-ის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების მოლაპარაკების მთავარი თემა იყო AUKUS-ის სამმხრივი კავშირის შემდგომი გაღრმავება. კავშირი წელიწად-ნახევრის წინ დააფუძნეს „ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად“.
უპირველეს ყოვლისა, საუბარი შეეხო ავსტრალიის გადაიარაღებას, რომელსაც გადასცემენ ბირთვული წყალქვეშა ნავების აგების ტექნოლოგიას, Tomahawk-ის რაკეტებს Hobart-ის ტიპის გამანადგურებლებისთვის, JASSM და LRASM საბრძოლო მასალას F-18 და F-35 გამანადგურებლებისთვის, ასევე 400 კმ მანძილზე მოქმედი სახმელეთო ბაზირების სარაკეტო სისტემებს. კანბერა, თავის მხრივ, გამოყოფს ფულს ჰიპერბგერითი და მაღალი სიზუსტის იარაღის შესაქმნელად ერთობლივი სამუშაოებისთვის.
ავსტრალიელ სამხედროებს მოკავშირეების ბაზებზე გაწვრთნიან. ამერიკული და ბრიტანული წყალქვეშა ნავები მოუხშირებენ ავსტრალიის ნავსადგურებში ცურვას. 2027 წლიდან ვაშინგტონი და ლონდონი დაიწყებენ ავსტრალიის პორტებში წყალქვეშა ხომალდების რეგულარულ როტაციას, რათა დააჩქარონ ადგილობრივი სპეციალისტების მომზადება.
2030-იანების დასაწყისში ამერიკელები კანბერას, სულ მცირე, სამ წყალქვეშა ატომურ ხომალდს Virginia-ს გადასცემენ. საკუთარი წარმოების წყალქვეშა ნავებს ავსტრალიელები 2024-იანი წლების დასაწყისისთვის დაამზადებენ. უახლოეს 32 წელიწადში ატომური ფლოტის მშენებლობას 245 მილიარდი დოლარი მოხმარდება. ჯერ კი ატომური წყალქვეშა ნავები მხოლოდ რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, ინდოეთს, ჩინეთს, აშშ-სა და საფრანგეთს ჰყავთ.
წყლის დრაკონი
ფორმალურად AUKUS რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. თუმცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბოლო 18 თვეში მისი ქვეყნის მიმართ გამოწვევებმა იმატა. მათ შორისაა - რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, ჩინეთის მზარდი სიძლიერე, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ქცევა, რომელიც „დესტაბილიზაციას უწყობს ხელს“. იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო ბლოკი ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში მოქმედებს, პირველ რიგში, პეკინმა უნდა ინერვიულოს.
ასე ფიქრობს გაზეთი The Sydney Morning Herald, რომელმაც სამიტის დასასრულს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი და ლონდონი გააძლიერებენ ავსტრალიის თავდაცვისუნარიანობას ჩინეთიდან მომდინარე საფრთხის წინაშე. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მას არ აწუხებს ჩინეთის უარყოფითი დამოკიდებულება AUKUS-ისადმი. მან პირობა დადო, რომ დაურეკავდა სი ძინპინს მესამე ვადით არჩევის შემდეგ, მაგრამ ჯერ არ ჩანს იმის ნიშნები, რომ პეკინი მზადაა მზარდი კონფრონტაციის ფონზე დიალოგი წარმართოს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნედ პრაისის სიტყვებით, თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა რამდენჯერმე სცადა ჩინელ კოლეგასთან დაკავშირება, მაგრამ მან არ უპასუხა. ნიშანდობლივია, რომ ჩინეთის თავდაცვის უწყების ახალი ხელმძღვანელი ლი შანფუ 2018 წლიდან რუსული თვითმფრინავების Су-35-ისა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების С-400-ის შეძენის გამო აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირთა შორის მოხვდა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვან ვენბინმა განაცხადა, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია საერთაშორისო საზოგადოებრიობის შეშფოთებას ანგარიშს არ უწევენ და სულ უფრო ღრმად ეფლობიან შეცდომებისა და საფრთხის შემცველ გზაზე. კერძოდ, პეკინი თვლის, რომ ავსტრალიისთვის ატომური წყალქვეშა ნავების გადაცემამ შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული იარაღის გავრცელება, რაც გააჩაღებს შეიარაღების შეჯიბრს, ასევე დააზარალებს მსოფლიოს და სტაბილურობას რეგიონში.
სიმბოლურია, რომ მსგავსი შეხედულებისაა ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლეიბორისტული პარტიიდან პოლ კიტინგი. მისი სიტყვებით, ატომური ფლოტის შექმნა - კანბერას ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა: ამის ნაცვლად მას შეუძლია 50 ჩვეულებრივი ნავის შეძენა. მთავრობის ყოფილი მეთაური საერთოდ AUKUS-ის წინააღმდეგია. იგი დარწმუნებულია, რომ ჩინეთის მთავარი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ მან ამერიკის დონის ეკონომიკა განავითარა. აშშ ცდილობს პეკინის შებოჭვას და ამ მიზნით იყენებს ავსტრალიას, რომელიც სხვის ხელში იარაღად იქცა.
ახალი მსოფლიო
AUKUS-ის წევრები კი უარყოფენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების დარღვევას და უთითებენ IAEA-სა და ავსტრალიას შორის ყოვლისმომცველი გარანტიების შესახებ ხელშეკრულების მე-14 პუნქტზე. მისი წყალობით საზღვაო ძალოვანი დანადგარები შემოწმებისგან უნდა გათავისუფლდეს. თუმცა ეს ვითარება გადაიქცა პრეცედენტად, რომელსაც სხვა ქვეყნებიც გამოიყენებენ, რათა საერთაშორისო კონტროლს დაუმალონ ურანი ან პლუტონიუმი.
რისკების შესამცირებლად IAEA-მ ავსტრალიისგან მიიღო თანხმობა, თავისი სპეციალისტები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გაწვრთნას. გარდა ამისა, ის არ გაამდიდრებს გადამუშავებულ ბირთვულ საწვავს.
„ჩინეთმა ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ განაცხადა, რომ ავსტრალიისთვის ბირთვული წყალქვეშა ნავების გადაცემა დაარღვევდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას, და ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. თუმცა აშშ-ისთვის სულერთია, რას ფიქრობს საერთაშორისო სამეგობრო, მისთვის მთავარია - მიზანს მიაღწიოს. AUKUS საჭიროა ჩინეთის განვითარების შესაკავებლად. ვაშინგტონი აძლიერებს პეკინზე სამხედრო ზეწოლას“, - ამბობს ჩინეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პეველ კამენნოვი.
მისი აზრით, ჩინელები ამერიკულ აქტივობას პასუხობენ სამხედრო-საზღვაო ძალების, მათ შორის, ბირთვული კომპონენტების, გაძლიერებით. „ჩინეთი პრაქტიკულად უკვე ჩაება შეიარაღების შეჯიბრში“, - ამბობს იგი.
ექსპერტი, პროფესორი ანდრეი ვინოგრადოვი დარწმუნებულია, რომ აშშ-ს არ სურს ჩინეთთან ომი, მაგრამ ქმნის ინსტიტუტებს, რომლებიც საჭიროა მრავალპოლარულ სამყაროზე გადასვლის პირობებში. „არ შეიძლება, მათ კონფრონტაციული უწოდო, მაგრამ ისინი ხელს შეუშლის ჩინეთის გავლენას ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში“, - განმარტავს იგი.
ამასთან, ვინოგრადოვი ფიქრობს, რომ ჩინეთს არც ისე ბევრი ვარიანტი აქვს პასუხის გასაცემად. შეიარაღების შეჯიბრი ამერიკელებისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ჩინელებისთვის, რომლებმაც ეკონომიკის მოდერნიზაციის პრობლემა უნდა მოაგვარონ.
„პეკინს არ სურს საბჭოთა კავშირის გამოცდილების გამეორება, მაგრამ აშშ მას არამომგებიან პოზიციაში აყენებს. ჩინეთს შეუძლია AUKUS-ს დაუპირისპიროს ან საკუთარი კავშირი ან თუნდაც სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა ძლიერ მოთამაშეებთან. შეიძლება მოსკოვთან მოლაპარაკება, მაგრამ ამჟამინდელ ვითარებაში არსებობს რისკი, რომ ეს ზიანს მოიტანს“, - ამბობს ექსპერტი.
როგორც არ უნდა იყოს, აშშ და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ ჩინელების ირგვლივ სამხედრო ბლოკების შექმნას. ჩინელები კი იძულებული იქნებიან, გაატარონ ისეთი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელსაც 1980-იანი წლებიდან მისდევენ: წარმოადგინონ განვითარებადი ქვეყნების ინტერესები და მხარი დაუჭირონ კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას. ჯერ პეკინს სხვა ვარიანტები არ აქვს, ასკვნის ვინოგრადოვი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე