თბილისი, 17 მარტი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ამერიკულ დრონ MQ-9 Reaper-ის ინციდენტში მონაწილე რუსული გამანადგურებლების მფრინავები ჯილდოზე წარადგინა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
„რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინა Су-27-ის მფრინავები, რომლებმაც ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი MQ-9-ის მიერ საზღვრის დარღვევა აღკვეთეს საჰაერო სივრცის გამოყენების დროებითი რეჟიმის ზონაში, რომელიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად დაწესდა“, — ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, 14 მარტს რუსულმა გამანადგურებელმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი დრონი MQ-9 ჩამოაგდო, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დაფრინავდა. როგორც პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რუსული გამანადგურებელი ამერიკული დრონის გვერდით დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში დაფრინავდა, შემდეგ კი შეეჯახა მას.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 14 მარტის დილით ამერიკულმა MQ-9-მ შავი ზღვის თავზე საჰაერო სივრცე დაარღვია. დრონის იდენტიფიკაციისთვის, რომელიც რუსეთის საზღვრისკენ მოძრაობდა, რუსეთმა ჰაერში გამანადგურებლები ასწია. უპილოტო საფრენმა აპარატმა კი, მკვეთრი მანევრირების გამო, უმართავი ფრენა დაიწყო და წყალში ჩავარდა. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რუსულ გამანადგურებლებს MQ-9-ს წინააღმდეგ იარაღი არ გამოუყენებიათ.