საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის იურიდიულად ძალადაკარგულია – ზახაროვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე და ვალდებულებები არ ეკისრება.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას „დაკავების“ შესახებ რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მათ შორის, სამართლებრივი თვალსაზრისით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომლის იურისდიქციას რუსეთი არ ცნობს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, ასევე ბავშვთა უფლებების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა. სასამართლოში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება უკრაინიდან „ბავშვების უკანონო გაყვანას“ უკავშირდება.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის, სამართლებრივი თვალსაზრისით“, – დაწერა ზახაროვამ თავის telegram-არხზე.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის რომის სტატუტის მონაწილე და არანაირი ვალდებულება არ აკისრია.
„ამ ორგანოსთან რუსეთი არ თანამშრომლობს. დაპატიმრების შესაძლო „რეცეპტები“ კი, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოდან მოდის, ჩვენთვის იურიდიულად ძალადაკარგულია“, – აღნიშნა მან.
უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მის იურისდიქციას. მან აღნიშნა, რომ მრავალი წლის განმავლობაში საერთაშორისო სასამართლო ორგანოები, მათ შორის ისინიც, რომლებსაც რუსეთი არ ცნობს, და სხვა საერთაშორისო სტრუქტურები ყურადღებას საერთოდ არ აქცევდნენ უკრაინელი ნაციონალისტების უდიერ ქცევებს დონბასში – სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას.