რუსმა სენატორმა ყირიმის რეფერენდუმის მნიშვნელობა განმარტა

Sputnik
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. რეფერენდუმებმა, რომლებიც 2014 წლის 16 მარტს ჩატარდა სევასტოპოლსა და ყირიმში, ჭეშმარიტი დემოკრატიის განხორციელება წარმოაჩინა, მიაჩნია რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორს ეკატერინა ალტაბაევას.
მისი თქმით, ეს რეფერენდუმები ასევე იყო იმის ნიშანი, რომ ძალაუფლების წყარო — ხალხია.

„16 მარტი სევასტოპოლელებისა და ყირიმელებისთვის გამარჯვების დღეა. ჩვენ ვუთხარით „არა“ ნეონაციზმსა და ძალადობას, ჩვენთვის მშობლიური რუსული ენისა და ჭეშმარიტი ისტორიის წართმევის, ჩვენი სამშობლოსგან — რუსული სამყაროსგან მოწყვეტის მცდელობებს. ეს ის დღეა, როდესაც ასობით ათასმა ადამიანმა საქმით აჩვენა, რომ ხალხი არის ძალაუფლების წყარო, აჩვენა, როგორ ხორციელდება ნამდვილი დემოკრატია. და ეს არის რუსეთის ძლიერების დღე“, — განუცხადა ალტაბაევამ „რია ნოვოსტის“.

რუსეთმა ყირიმი საკუთარ რეგიონად 2014 წლის მარტში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ გამოაცხადა. მოსკოვის მტკიცებით, რუსეთთან შეერთებას ყირიმელ ამომრჩეველთა 96,77%-მა და სევასტოპოლელთა 95,6%-მა დაუჭირა მხარი.
საერთაშორისო საზოგადოება და უკრაინა არ აღიარებენ რეფერენდუმების შედეგებს და აღნიშნულ ტერიტორიებს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ყირიმის საკითხი „საბოლოოდ დახურულია“.