თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის სამკურნალოდ მოწვეული ექიმები უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
გასული წლის მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მდგომარეობის გაუარესების ფონზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა კვლავ დაიწყეს საუბარი პოლონელი ექიმების მოწვევაზე.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, სადაც ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტრომ და კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მის მიერ ექიმების რეკომენდაციების შეუსრულებლობისა და სრულფასოვან კვებაზე უარის გამო.
ოჯახი კი არასწორ დიაგნოზსა და მკურნალობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი სასწრაფოდ უცხოეთში სამკურნალოდ არის გადასაყვანი.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.
2 მარტს ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.