მსოფლიო დღეს

ბაშარ ასადმა რუსეთის ახალი საზღვრები აღიარა

Sputnik
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. დამასკი აღიარებს რუსეთის ახალ საზღვრებს იმ ტერიტორიებთან ერთად, რომლებიც მას რეფერენდუმების შედეგად შეუერთდა, განაცხადა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მოსკოვში.
ასადს მიაჩნია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის ისტორიული ტერიტორიებია, და სირია მათ „სპეცოპერაციის დაწყებამდეც აღიარებდა“.

„ეს საკითხი ჩვენთვის იმთავითვე გარკვეულია. ჩვენი პოზიცია უყოყმანოა. სირიის პოზიცია ამ საკითხში არის მკაფიო და მტკიცე — არა მხოლოდ რუსეთთან მეგობრობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ეს ტერიტორიები რუსეთისაა“, — განაცხადა ასადმა.

სირიის ლიდერის თქმით, დამასკის პოზიცია ისტორიულ ფაქტებს ეყრდნობა. ასადის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორიები უკრაინას „დაახლოებით 100 წლის წინ გადაეცა, ვლადიმირ ლენინის დროს“.
მანამდე ბაშარ ასადმა, რომელმაც ვლადიმირ პუტინთან სამსაათიანი მოლაპარაკებები გამართა, მხარი დაუჭირა რუსეთის სამხედრო მისიის გაფართოებას სირიაში.