როგორ ავალაპარაკოთ ბავშვი მალე: კომაროვსკის შვიდი რჩევა მშობლებს

Sputnik
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თითოეულ ბავშვს განვითარების საკუთარი ტემპი აქვს — პირველი კბილის ამოსვლა იქნება ეს, პირველი ნაბიჯის გადადგმა თუ პირველი სიტყვის თქმა, აცხადებს უკრაინის უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.
თუმცა, მისი თქმით, ბავშვის წახალისება, რომ ლაპარაკი დროულად დაიწყოს, სავსებით შესაძლებელია — განსხვავებით, მაგალითად, კბილებისგან, რომელთა ზრდის სისწრაფეზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია.
როგორც კომაროვსკი ამბობს, ასეთი წახალისება სულაც არ არის რთული, მთავარია ამისთვის პირობების შექმნა.
ექიმმა შვიდი მარტივი ნაბიჯი ჩამოაყალიბა მშობლებისთვის, რომელთა შესრულება ძალიან ადვილია. ესენია:
1.
აღწერეთ ყველაფერი, რასაც ბავშვი ხედავს, ისმენს და გრძნობს. არ იფიქროთ, რომ თქვენი საუბარი პაწია ადამიანთან, რომელსაც არაფერი ესმის, სულელურად გამოჩნდება. ბავშვის ტვინი შთანთქავს მშობლების მეტყველებას და მომავალი მეტყველებისთვის აუცილებელ ნეირონულ კავშირებს აყალიბებს. მართალია, სიტყვების მნიშვნელობას ის ნამდვილად ვერ გაიგებს, მაგრამ მშობლიური ენის ჟღერადობასაც გაეცნობა და ინტონაციებსაც აითვისებს, რასაც მომავალი მეტყველების „ყულაბაში“ შეინახავს.
2.
დაუსვით კითხვები. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რომ ბავშვს მათზე პასუხის გაცემა ჯერ არ შეუძლია და კითხვის მნიშვნელობასაც ვერ აცნობიერებს. სამაგიეროდ ესმის ინტონაციის ცვლილება და ამით ეცნობა დედ-მამის მშობლიურ ენას. გავა ცოტა დრო და თავადაც ვერ შეამჩნევთ, როგორ ისწავლის ბავშვი კითხვითი ინტონაციის მკაფიოდ გარჩევას.
3.
მოუყევით ისტორიები. პატარას ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ ესაუბროთ. მაგალითად, უამბოთ თქვენი ბავშვობის ამბები, ან მისი სათამაშოების თავგადასავლები მოიგონოთ. გახსოვდეთ, რაც მეტი განსხვავებული სიტყვა ესმის ბავშვს, მით უკეთესია ამეტყველების დასაწყებად. ანუ ეს კარგი მოტივაციაა მისთვის. პერინატალური ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ბავშვები ჯერ კიდევ დედის მუცელში ყოფნისას აღიქვამენ და ითვისებენ მეტყველებას.
4.
იყავით პოზიტიური. ემოციურად მდიდარი მეტყველება ერთმნიშვნელოვნად მოქმედებს ბავშვის აღქმაზე. ესაუბრეთ თქვენს პატარას ემოციურად და რაც შეიძლება მხიარულად. არ დაგავიწყდეთ ღიმილი.
5.
გამორიცხეთ ბავშვური ტიტინი. მიუხედავად ცდუნებისა, ეცადეთ შვილს ენა არ მოუჩლიქოთ. ესაუბრეთ მას მარტივი ენით, მაგრამ ნორმალური სიტყვებით. თქვენ ხომ არ იცით, როდის დაიწყებს ბავშვი თქვენი სიტყვების გაგებას. ეს შეიძლება მოულოდნელად ადრე მოხდეს და სიტყვები მცდარად დაიმახსოვროს. გახსოვდეთ: თქვენი საუბრების წყალობით ბავშვი ენის ძირითად ერთეულებსა და მათი ფუნქციონირების კანონებს ეუფლება.
6.
გამოიყენეთ ჟესტიკულაცია. ხელების ქნევა აუცილებელი არ არის, მაგრამ არავერბალური კომუნიკაცია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად საუბარი. ჟესტებისა და მიმიკების გამოყენებით იმას მიაღწევთ, რომ ბავშვი ადრე დაიწყებს თქვენს გაგებას.
7.
გაჩუმდით და მოუსმინეთ. არ დაგავიწყდეთ მონოლოგის პერიოდულად შეწყვეტა და ბავშვისთვის ყურის მიგდება — მოუსმინეთ, რა ბგერებს გამოსცემს ბავშვი პასუხად. ძალიან მნიშვნელოვანია არ გამოგეპაროთ ბავშვის მცდელობა, ამოთქვას სიტყვები ან დააკავშიროს ისინი წინადადებებად.

საინტერესო ფაქტები

გოგონები, როგორც წესი, უფრო ადრე იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე ბიჭები, მაგრამ ფრაზებს გვიან სწავლობენ, რადგან ძალიან ცდილობენ, რომ სწორად და „დიდურად“ ისაუბრონ.
ლაპარაკს შედარებით გვიან იწყებენ ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ამეტყველების მოტივაცია — ან არავინ უსმენს (ყურადღების ნაკლებობა), ან მისი ყველა სურვილი ახსნის გარეშე ძალიან სწრაფად სრულდება (ჰიპერმზრუნველობა).